წულუკიანი სააკაშვილზე: თუ დაბრუნდება – დავიჭერთ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას გამოეხმაურა. წულუკიანი აცხადებს, რომ სააკაშვილი არის ძებნილი და თუკი საქართველოში ჩამოსვლას გაბედავს – საზღვარზევე დააპატიმრებენ.
„ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერი, რომლითაც ის ქართველ ხალხს მიმართავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუ ის იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა, მას ელოდება დაკავების პროცედურა საზღვარზე და რა თქმა უნდა, ქართული საპატიმრო, ვინაიდან ის არის ძებნილი და მის მიმართ დამდგარია არაერთი განაჩენი, რომელიც შეიძლება გადაისინჯინოს, როდესაც საპატიმროში იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას უკვე წლებია ცდილობს. უკრაინაში, ჯერ კიდევ პეტრო პოროშენკოს ხელისუფლების წევრობისას, შემდეგ უკვე პოროშენკოს მიერ ქვეყნიდან სააკაშვილის გაძევების მერეც ქართულმა მხარემ უკრაინას ექსპრეზიდენტის ექსტრადაციის მოთხოვნა რამდენჯერმე გაუგზავნა. თუმცა, მიხეილ სააკაშვილი 2013 წლის შემდეგ, რაც საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა და ქვეყნიდან წავიდა, დღემდე არც საკუთარი ნებით ჩამოსულა და არც იძულებით ჩამოუყვანია ვინმეს.