ანალიტიკამნიშვნელოვანისიახლეები

რატომ არ მოხსნის ხელისუფლება „პატრიოტთა ალიანსს“ არჩევნებიდან

 

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ბოლო დღეებში განსაკუღებულად იქცევს ყურადღებას. ოკუპირებულ აფხაზეთში, 18 აგვისტოს, „პატრიოტების“ საიდუმლო ჩასვლას 25 აგვისტოს გავრცელებული მასალები მოჰყვა. რუსულმა საგამოძიებო ჟურნალისტურმა პლატფორმა „დოსიემ“ დოკუმენტები გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები უწევენ და რუსეთიდან ფინანსდებიან.

ამ ყველაფრის შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა „პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნა მოითხოვეს. „ევროპულმა საქართველომ“ აღნიშნული მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. თუმცა, ირმა ინაშვილმა იქით მოითხოვა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოსთვის“ არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა.

დღეს, 29 აგვისტოს, „პატრიოტები“ კიდევ ერთხელ მოექცნენ ყურადღების ცენტრში. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც საარჩევნო ბანერზე ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი და საქართველოს რუკაა გამოსახული. ბანერი ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზეა განთავსებული. საქართველოს რუკაზე ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად, ერთ ფერშია გამოსახული აჭარაც. თან, მიწერილი აქვს „დაიცავი აჭარა!“.

გავრცელებულ ფოტოს სოციალურ ქსელში საკმაოდ მძაფრი რეაქცია მოჰყვა და აჭარის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაიგივების გამო პოლიტიკოსებთან ერთად მოქალაქეებიც ითხოვენ „პატრიოტთა ალიანსს“ სამართლებრივად მოეთხოვოს პასუხი და აგრეთე, მოხსნან არჩევნებიდან.

„გაუქმდეს პატრიოტთა ალიანსი, როგორც საარჩევნო სუბიექტი და მოიხსნას არჩევნებიდან. პარტიის რეკლამა, სადაც პირდაპირ რუსული პროპაგანდაა – დაუყოვნებლივ ჩამოიხსნას“, – წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე.

„ეს არის დანაშაულებრივი ქმედება, აჭარის მოსახლეობის შეურაცხყოფა და საშინელი განწყობების თესვა რეგიონში. ეს ბანერი სარფისკენ მიმავალ გზაზეა და სჯობს თქვენივე ხელით ჩამოხსნათ, დღესვე! ასეთ მესიჯებს აჭარა არ პატიობს!“ – წერს „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმში ირაკლი კუპრაძე. მოგვიანებით, სწორედ „ლელოს“ წარმომადგენლებმა ჩამოხიეს „პატრიოტების“ ბანერი.

მოგვიანებით, საკუთარი საარჩევნო ბანერის შესახებ კომენტარი გააკეთა ირმა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის თქმით, მათი ბანერის შინაარსი ასახავს თურქული მხარის ეკონომიკურ ექსპანსიას აჭარის მხარეში.

მკაფიოდ ვხედავთ აჭარაში თურქეთის ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსიის ნიშნებს. ამ წლების განმავლობაში ეს ექსპანსია კიდევ უფრო გაძლიერდა, ამიტომ ჩვენ მკაფიოდ ვამბობთდიახ, უნდა დავიცვათ აჭარა და დიახ, უნდა დავიცვათ საქართველო“, – განაცხადა ინაშვილმა.

მოგვიანებით „პატრიოტების“ ბანერის ამბავს გამოეხმაურნენ უმრავლესობის წევრები. მამუკა მდინარაძემ დაწერა, თავიდან არ სჯეროდა, რომ მართლაც ასეთი ბანერი განათავსეს „პატრიოტებმა“.

„სიმართლე გითხრათ, თავიდან “ფეიკი” მეგონა. ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ!“, – დაწერა მდინარაძემ

„შმატრიოტები“, – ასე გამოეხმაურა „პატრიოტების“ ბანერს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მიუხედავად, „უმრავლესობის“ ასეთი განცხადებებისა, ბევრს არ სჯერა, რომ „ოცნება“ და „პატრიოტები“ სხვადასხვა პოზიციაზე დგანან.

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი „ქართული ოცნების“ წევრების მიერ „პატრიოტთა ალიანსის“ კრიტიკას გამოეხმაურა:

„არაფერია იმაზე ყალბი და არადამაჯერებელი, ვიდრე ქოცი, რომელიც „პატრიოტთა“ ალიანსს აკრიტიკებს ან დასცინის. რამეთუ ერთნი არიან ისინი პუტინ ვლადიმირში“, – წერს ბიბილაშვილი,

რატომ არ მოხსნიან „პატრიოტებს“ არჩევნებიდან – ლიგიკური წინაპირობა

როგორც კი „პატრიოტების“ აფხაზეთში საიდუმლო ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი, მაშინვე ყველასთვის აშკარა იყო – ირმა ინაშვილი თავის თანაპარტიელებთან ერთად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას ვერ დატოვებდა, ვერ გადავიდოდა ოკუპირებულ აფხაზეთში და ასევე უკანაც ვერ შემოვიდოდა, თუკი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან არ ექნებოდა უფლება მინიჭებული.

ცხადია, „პატრიოტების“ გადასვლა-გადმოსვლაში საქმის კურსში აუცილებლად იქნებოდნენ ასევე ოკუპანტი რუსეთის ხელისუფლების და საოკუპაციო რეჟიმის მაღალჩინოსნებიც. ასე რომ, „პატრიოტების“ ვიზიტზე ყველა მათგანს „მწვანე შუქი“ ჰქონდა ანთებული.

საგამოძიებო პლატფორმა „დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე „პატრიოტების“ დაფინანსების რუსული კვალის ძებნით ასევე არ დაინტერესდა საქართველოს ხელისუფლება. „ოცნების“ წარმომადგენლებს ან არ სჯერათ „დოსიეს“ დოკუმენტების რეალურობის, ან პასუხისმგებლობას იცილებენ და ამბობენ, რომ გამოძიების დაწყება-არ დაწყება პროკურატურის გადასაწყვეტია.

„მე ძალიან ხშირად მომისმენია „ქართული ოცნების“ მიმართაც ეს ბრალდებები, რომ არის პრორუსული, – ირონიულად გამოეხმაურა სოფო კილაძე „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთიდან დაფინანსების საკითხის გამოძიების საკითხს.

კიდევ ერთი აშკარა სიგნალი, რატომაც არ არის მოსალოდნელი რომ „პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნას გადაწყვეტს მმართველი ძალა, მათი პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებაა.

როგორც ცნობილია და უკვე ბევრი გამოთქვამს აღშფოთებას, საქართველოში შემოსული ნებისმიერი ადამიანი სავალდებულო 12 დღიან კარანტინში გადაჰყავთ Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით. მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს მოქალაქე რომელი ქვეყნიდან ჩამოდის, თუნდაც ეს ეხებოდეს გერმანიას, სადაც ტესტებიც აქვს გავლილი და დადასტურებულად არ აქვს „კორონავირუსი“.

რაც შეეხება ინაშვილს და მის თანაპარტიელებს, აფხაზეთში ყოფნის და დაბრუნების შემდეგ არავინ გადაუყვანიათ კარანტინში. ირმა ინაშვილი ტელეკამერების წინ საჯარო გამოსვლებსაც აწყობს და არც პარტიულ პროპაგანდას ერიდება. საქართველოს ხელისუფლებას კი აზრზდაც არ მოსდის, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს კარანტინში გადაყვანა მოსთხოვოს.

ირმა ინაშვილმა აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ ბრიფინგი გამართა

საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა კარანტინში გადაუყვანლობა იმას დააბრალოს, რომ აფხაზეთში გადასვლა-გადმოსვლა ქვეყნის საზღვრის კვეთას არ ნიშნავსო, მაგრამ, პანდემიას რომ პოლიტიკური ხრიკებით თავის დაძვრენა არ აინტერესებს – აშკარაა. შესაბამისად, თუკი ხელისუფლება რეალურად ზრუნავს ქვეყნის ტერიტორიაზე პანდემიის გავრცელების პრევენციას და მაგალითად, საათივით აწყობილი გერმანიიდან ჩამოულ ადამიანს კარანტინში ყოფნას აიძულებს, რუსეთის ოკუპირებული და ვირუსგავრცელებული ტერიტორიიდან შემოსული ადამიანები ასევე უნდა გადაიყვანოს კარანტინში.

ოკუპირებულ აფხაზეთში, 27 აგვისტოს, დე-ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა 1 აგვისტოს შემდეგ, როცა დე-ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან ე.წ. საზღვარი გახსნა და რუსი ტურისტების მიღება დაიწყო.

აქვე იმის გახსენებაც ღირს, „პატრიოტთა ალიანსს“ თავის დროზე რომ „სასურველი“ოპოზიცია უწოდა მმართველი ძალის ლიდერმა. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას სურდა ირმა ინაშვილისნაირი ოპოზიცია ჰყოლოდა.

ასევე გვახსოვს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების ანტიდასავლური მასშტაბური აქციები, რომელიც აგრეთვე ძნელი დასაჯერებელია ხელისუფლების თანხმობის გარეშე გამართულიყო.

შესაბამისად, როდესაც ხელისუფლებისგან პრივილეგირებულ მდგომარეობაშია ჩაყენებული, ძალიან საეჭვოა, „პატრიოტთა ალიანსს“ რაიმე პრობლემა შეუქმნას და არჩევნებიდან მოხსნას. თუნდაც დღევანდელი საარჩევნო ბანერის გამო, სადაც „პატრიოტები“ აჭარის რეგიონს ოკუპირებულად აცხადებენ და რუსულ პროპაგანდას აგრძელებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button