fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ირანში მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს

483

ნავიდ აფკარი, ცნობილი ირანელი მოჭიდავე, რომელსაც არაერთი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, გამოესარჩლა, 12 სექტემბერს, შირაზში მდებარე ციხეში სიკვდილით დასაჯეს.

„აფკარი დღეს დილით დასაჯეს სიკვდილით მას შემდეგ, რაც მსხვერპლის ოჯახისა და მშობლების დაჟინებული მოთხოვნით, ყველა იურიდიული პროცედურა გატარდა.“ – ნათქვამია სამხრეთის პროვინცია ფარსის იუსტიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით, ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ჭიდაობაში ირანის მრავალგზის პრიზიორსა და ნაკრების წევრ ნავიდ აფკარის 4 სექტემბერს სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა. განაჩენის აღსრულებამდე კი, იგი ასევე 74-ჯერ უნდა გაეროზგათ.

27 წლის სპორტსმენს ირანის სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯა შირაზში, 2018 წელს, მასობრივი ანტისამთავრობო მსვლელობის დროს ადამიანის მკვლელობისთვის.

წარსულში ცნობილი ირანელი მოჭიდავე აცხადებდა, რომ მას აწამებდნენ, რათა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია.

ნავიდის გარდა, განაჩენი მის ორ ძმასაც გამოუცხადეს. ვაჰიდ აფკარის 54 წელი მიუსაჯეს, ხოლო ჰაბიბს – 27. სამ ძმას სასამართლომ ოცზე მეტი ბრალდება წაუყენა. მათ შორის, – ეროვნული უსაფრთხოების შერყევის მცდელობა და ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის შეურაცხყოფა.

ნავიდ აფკარის საქმეს ფართო საერთაშორისო რეზონანსი ჰქონდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანის ლიდერებს მიმართა, რათა ცნობილი მოჭიდავე სიკვდილით არ დაესაჯათ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი