Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

15 ახალი შემთხვევა კახეთში – მატანში სამედიცინო პუნქტი განთავსდა

412

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ვირუსის შემთხვევების მატების გამო, სოფელ მატნის შესასვლელ-გასასვლელში სამედიცინო პუნქტი განთავსდა, სადაც სოფლის ყველა მცხოვრების ტესტირება და თერმოსკრინინგი დილიდან დაიწყო.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ორი დღეა,მატანში ეპიდემიოლოგებიც იმყოფებიან, რომლებიც დაინფიცირებული პირების კონტაქტებს სწავლობენ. 

ვირუსის პირველი შემთხვევა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 11 სექტემბერს დადასტურდა.
ვირუსი გამოუვლინდა ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც გორში ქორწილი ჰქონდა. 12 სექტემბერს, კოვიდ- 19 აღმოაჩნდათ მის მშობლებსაც.

წინასწარი ინფორმაცით, სოფელ მატანში თბილისში მცხოვრები, წარმოშობით აწყურელი ინფიცირებული ექიმიც იმყოფებოდა სტუმრად.

“სოფელი მატანი და პანკისის ხეობა არ ჩაიკეტება.” – ამის შესახებ, რადიო ” ჰერეთთან” ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა.

იოსებ ქარუმაშვილის განმარტებით, სამედიცინო პუნქტები სოფელში სწორედ დაავადებულ პირთა გამოსავლენად განთავსდა.

“ეს პუნქტები სწორედ ამიტომ არის, რომ თუ ინფიცირებული პირები არიან, დროულად გამოვლინდნენ. სოფელი არ ჩაიკეტება და არც მის გვერდით, პანკისის ხეობა. ტესტს ყველას გაუკეთებენ და მათ შორის, მათაც, ვინც ამ სოფელში შევა, ან გავა. რაც შეეხება სასწავლო პროცესის დაწყებას მატანში, ჩვენ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე ვართ დამოკიდებული. როგორც ისინი საჭიროდ ჩათვლიან, ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას.” – განაცხადა ქარუმაშვილმა.

დღეს, 14 სექტემბერს საქართველოში 165 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი