fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

„ამ მიწებზე საკუთარი დროშა აღვმართეთ და აქედან ვეღარავინ გაგვიყვანს”

ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

????????????????????????????????????
1 445

„ამ მიწებზე საკუთარი დროშა აღვმართეთ და აქედან ვეღარავინ გაგვიყვანს”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

“ოთხდღიანი ბრძოლის შედეგად აზერბაიჯანმა წარმატებული ოპერაცია განახორციელა, სტრატეგიული სიმაღლეები და რამდენიმედასახლება გაათავისუფლა და დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ჩვენ ამ მიწებზე დავბრუნდით. ამ მიწებზე საკუთარი დროშა აღვმართეთ და აქედან ვეღარავინ გაგვიყვანს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მან თურქეთის მიმართ მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა.

„გამოვხატავ უღრმეს მადლობას ჩვენი მოძმე თურქეთის მიმართ, მისი პრეზიდენტის, ჩემი ძმა რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ, მისი ურყევი და ძმური პოზიციის გამო. ჩემი ძვირფასი ძმის ძალიან ღია და მკაცრმა განცხადებებმა ცხადყო, რომ აზერბაიჯანი მარტო არაა,“- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული შეტაკებები მთიანი ყარაბაღისთვის 27 სექტემბერს განახლდა.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, 27 სექტემბრიდან განადგურებული და დაჭრილია სომხეთის შეიარაღებული ძალების 2300-მდე სამხედრო, განადგურებული, ან დაზიანებულია დაახლოებით 130 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 200-ზე მეტი საარტილერიო და სარაკეტო დანადგარი, 6 სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალების 5 საწყობი.

აზერბაიჯანი არაფერს იუწყება თავის სამხედრო ძალებში არსებული დანაკარგების შესახებ და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ 27 სექტემბრის შემდეგ 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 30-მდე დაიჭრა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყარაბაღში, ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს ორმხრივი საარტილერიო იერიში. სამინისტროს პრესმდივნის, შუშან სტეპანიანის ინფორმაციით, სტეპანაკერტის თავზე ჩამოგდებულია აზერბაიჯანის არმიის კიდევ ორი უპილოტო საფრენი აპარატი. თავდაცვის სამინისტრო მუდმივად ავრცელებს ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც სომხური მხარის ინფორმაციით, მოწინააღმდეგეზე წარმატებულ შეტევებს ასახავს.

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი