Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ახალი რეალობა ყარაბაღში. რა შეიცვალა საქართველოსთვის?

რეგიონში რაც უფრო მეტი რუსი სამხედროა, უფრო მეტი პრობლემაა ჩვენთვის. ეს დინამიკა აჩვენებს, რომ რეგიონში ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდაც ლაგდება ძალთა ბალანსი.

174

10 ნოემბრის ღამეს რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ. შეთანხმების თანახმად, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის ნაწილი და ასევე მოსაზღვრე რაიონები, რომლებსაც აქამდე სომხეთი აკონტროლებდა, აზერბაიჯანის დაქვემდებარებაში გადადის.

რუსეთი კი, ხდება ერთადერთი ძალა, რომელიც ყარაბაღში მშვიოდობისმყოფელებს დააყენებს.

რა შეცვალა ახალმა რეალობამ საქართველოსვის?

თორნიკე შარაშენიძე, დოქტორი  საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, GIPA-ს პროფესორი:

რა მოხდა ყარაბაღში და როგორ შეიცვალა რეგიონი?

არ მქონდა მოლოდინი, რომ ყველაფერი ასე შორს წავიდოდა.

ვფიქრობდი, რომ რუსეთი სომხეთს მოამარაგებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, დრონებმა შეცვალა ყველაფერი. აზერბაიჯანმა მოსპო სომხეთის ტექნიკა, რომელიც სომხეთს დიდი რაოდენობით ჰქონდა. დრონებმა აჩვენა, რომ სამხედრო სფეროში რევოლუცია მოხდა. ასე რომ, მე მგონია, რუსეთისთვისაც, რაღაც დონით მაინც, ეს ყველაფერი ასევე სიურპრიზი იყო.

ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რა მოხდება სომხეთში – ვინ შეცვლის ფაშინიანს, რომლის პრემიერობასაც დიდი დღე არ უწერია. ხელისუფლებაში დაბრუნდება ძველი კლანი, რომელიც ორიენტირებული იყო მოსკოვზე, თუ მოვა უფრო დასავლეთზე ორიენტირებული ხელისუფლება? თუმცა, საიდან უნდა მოვიდეს ეს დასავლეთზე ორიენტირებული ხელისუფლება? ლიდერი ხომ უნდა გამოჩნდეს? გამოჩნდა ერთი და სადამდე მივიდა ქვეყანა, ყველამ დაინახა. შესაბამისად, ამის შემდეგ ვეღარც გაბედავს ვინმე, რომ ფაშინიანის შემდეგ ამ ტიპის ლიდერობაზე გამოთქვას პრეტენზია. ეს ქვეყანა ახლა შოკურ მდგომარეობაშია.

რასაც ვერ ვიტყვით აზერბაიჯანზე. დღეს აზერბაიჯანი გაცილებით ძლიერია, ვიდრე იყო და ეს ცვლის ბევრ რამეს რეგიონში.

კი, აზერბაიჯანი ჩვენი პარტნიორია, მაგრამ, ერთია ახლო პარტნიორი, რომელიც შენი თანასწორია და სხვაა ახლო პარტნიორი, რომელიც შენზე გაცილებით ძლიერია, ყველანაირი თვალსაზრისით. ეს რეალობა საქართველომ უნდა გაითვალისწინოს.

რაც შეეხება თურქეთსა და რუსეთს – ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, მათ რაღაც გარიგებას მიაღწიეს. რუსეთი ჩაერია სირიაში, რომელიც თურქეთის გავლენის სფეროდ ითვლებოდა და სანაცვლოდ რუსეთმა მისცა თურქეთს უფლება, რომ კავკასიაში რაღაც დონეზე ჩარეულიყო.

რა იცვლება საქართველოსთვის?

საქართველო აშკარად გადაურჩა ძალიან ცუდ სცენარს – ვინც ამ ვითარებას თვალს ვადევნებდით, სულ იმის გვეშინოდა, რომ კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში რუსეთი მოითხოვდა კორიდორს. ეს არ მოხდა და ეს ჩვენთვის კარგია.

საქართველოს ინტერესებშია, რომ ამ შეთანხმებას მოჰყვეს რეგიონში მშვიდობის დამყარება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით – სხვა თუ არაფერი, ჩვენ ტრანზიტზე ვართ დამოკიდებული და რეგიონში მშვიდობა გვაწყობს.

არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ რაიმე ემუქრება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს.

პირიქით. ჩემი აზრით, ეს უფრო გაძლიერდება. ახლა აზერბაიჯანს უფრო მეტი შანსი აქვს, რომ განახორციელოს თავისი პროექტები. მაგალითად, ტრანსკასპიური პროექტი, ანუ, თურქმენეთიდან კასპიის ზღვის გავლით გაზსადენის აშენება, რომელიც კიდევ უფრო დატვირთავს შაჰდენიზს  და ჩვენს ფუნქციას კიდევ უფრო გაზრდის, რადგან უფრო მეტი გაზის ტრანსპორტირება მოხდება. ამით  კი შესაძლოა, იქამდე მივიდეთ, რომ შაჰდენიზი სრულიად დაიტვირთოს და ჩვენ საერთოდ უფასოდ გვქონდეს გაზი.

რაც შეეხება რუსეთის ყოფნას კავკასიაში, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. კრემლს აქამდეც ჰქონდა გავლენა რეგიონზე – აქ ისედაც იყო მისი სამხედრო ბაზები, მათ შორის ჩვენს ტერიტორიაზეც, 40 კილომეტრში თბილისიდან. ასე რომ, ყარაბაღში სამხედრო კონტიგენტის ჩაყენებით, ჩემი აზრით, რუსეთი უფრო მეტად არ ძლიერდება.

კიდევ საგულისხმო ის არის, რომ ყარაბაღმა გააჩინა პრეცედენტი რეგიონში, რომ ომით დაკარგული ტერიტორიები შეიძლება ომით დაბრუნდეს. ეს პრეცედენტი განსაკუთრებულ უხერხულობას სოხუმსა და ცხინვალს უნდა უქმნიდეს.

პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი:

რა მოხდა ყარაბაღში და როგორ შეიცვალა რეგიონი?

შუშის აღებით აზერბაიჯანმა პრაქტიკულად ფაქტის წინაშე დააყენა  რუსეთი. რუსეთმა კი, რეალურად თავისი მოკავშირე ჩაძირა და აიძულა სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის მოეწერა ხელი. სომხეთმა მთლიანად დათმო დაკავებული ტერიტორიები, როგორც უშუალოდ ყარაბაღი, ასევე  გარშემო ტერიტორია და საერთოდ დაკარგა კონტროლი.

რა თქმა უნდა, აზერბაიჯანს ზურგში ედგა თურქეთი და თურქეთის ფაქტორმა აიძულა რუსეთი, პრაქტიკულად სრულად გაეწირა სომხეთი.

შეიძლება ითქვას, რომ ყარაბაღის კონფლიქტი არა ფუნდამენტურად და საბოლოოდ, მაგრამ არსებითად მოგვარდა. ვითარება არსებითად შეიცვალა – ტერიტორიას მთლიანად აკონტროლებს უკვე აზერბაიჯანი.

აზერბაიჯანმა უნდა მოახერხოს, რომ არ დაუშვას ეთნიკური წმენდა და დააბრუნოს სომეხი მოსახლეობა. ბუნებრივია, ყველა არ დაბრუნდება, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შეუქმნას პირობები და ამაში საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებაა აუცილებელი.

რა მიიღო რუსეთმა? ის, რომ მხოლოდ თვითონ იქნება სამშვიდობო ძალა და ჩააყენებს ლაჩინის ხეობაში ჯარს. გამოვა, რომ კავკასიის ყველა კონფლიქტურ ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი იდგება. მართალია, ეს უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ ვფიქრობ,  განსაკუთრებული არაფერია.

ახლა მთავარი ის არის, როგორ მოიქცევა სომხეთი – ისევ დარჩება რუსეთის იმედზე, რომელიც ძალიან არასანდო მოკავშირეა, თუ დაიწყებს დასავლეთისკენ ყურებას და რუსეთისგან დისტანცირებას.  ფაქტია, რომ დღეს არის ახალი რეალობა და სომხეთს ახლა აქვს უნიკალური შანსი, რომ დასავლეთს, ნატოს და ევროკავშირს პირდაპირ ელაპარაკოს და არა რუსეთის მეშვეობით.

სიმართლე გითხრათ, ეჭვი მეპარება, რომ ამას მოახერხებს სომხეთი. მგონია, რომ რუსეთი კავკასიაში გავლენას კიდევ შეინარჩუნებს, თუმცა უკვე თურქეთის ჩრდილის ქვეშ.

რა იცვლება საქართველოსთვის?

მომხდარი ცვლის გეოპოლიტიკურ კონტექსტს და ცხადია, ამ ცვლილებას გავლენა ექნება საქართველოზეც.

ახლა საქართველოში თავს წამოყოფს  ორი  პოლიტიკური ძალა –  მილიტარისტული, რომ დაკარგულს მხოლოდ ომით დავიბრუნებთ და არავითარი აზრი არა აქვს მოლაპარაკებას და მეორე, პრორუსული, რომ რუსეთთან ურთიერთობა დავათბოთ, რადგან ამის გარეშე ჩვენც დავკარგეთ ტერიტორია და სომხეთმაც.

პარალელურად უფრო შესუსტდება ის ძალა, რომელსაც მეც ვეკუთვნი და ისედაც სუსტი იყო – ძალა რომელიც ფიქრობს, რომ აფხაზებთან და ოსებთნ მოლაპარაკებებით შესაძლებელია სიტუაციის მოგვარება.

არჩევნებმა უკვე ჩაიარა, თორემ  ეს ძალები უფრო გაძლიერებული მოვიდოდნენ პარლამენტში.

თუმცა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად პროდასავლური იქნება ჩვენი ხელისუფლება.

ახლა გვაქვს უნიკალური შანსი, რომ დავიწყოთ მუშაობა თურქეთთან.

თურქეთს აშკარად უნდა კავკასიაში შემოსვლა – ახლა აზერბაიჯანის მეშვეობით შემოვიდა. ჩვენი მეშვეობითაც უნდა შემოვიდეს.

თურქეთი ჩვენს მოკავშირედ უნდა ვაქციოთ და ამით გავანეიტრალოთ რუსეთის ფაქტორი. თურქეთის მეშვეობით უნდა შევიდეთ ნატო-ში. ასევე უნდა ველაპარაკოთ სომხეთს, რომელიც ახლა რთულ სიტუაციაშია და ვიყოთ სომხეთსა და ევროპას შორის შუამავალი. დავარწმუნოთ, რომ რუსეთთან პერსპექტივა არა აქვს. თუმცა, ჩვენ ამ ყველაფრის გამკეთებლები არ ვართ.

გიორგი კანაშვილიკონფლიქტოლოგი

რა მოხდა ყარაბაღში და როგორ შეიცვალა რეგიონი?

ის, რაც ყარაბაღში მოხდა, რაღაცნაირად ჩვენს არჩევნებსაც ჰგავს. იმას ვგულისხმობ, რომ თავის დროზე კომპრომისის არმიღწევა ამა თუ იმ მხარეს  ხშირად უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე კომპრომისის საფუძველზე შეიძლებოდა მიეღო.

ამ სამშვიდობო შეთანხმებით სომხეთმა იმაზე გაცილებით უარესი მდგომარეობა მიიღო, ვიდრე ე.წ.  მადრიდის პრინციპების მიხედვით ეკუთვნოდა. ეს პრინციპები გულისხმობდა იმას, რომ ჯერ ხუთი რაიონი უნდა გადაეცა, შემდეგ ორი და ყარაბაღის სტატუსზე მოგვიანებით იქნებოდა საუბარი.

ახლა კი, აზერბაიჯანის მხარეს ყველა მიმდებარე რაიონი გადადის და პლუს უშუალოდ ყარაბაღის ტერიტორიის ნაწილიც. გარდა ამისა, აზერბაიჯანს რჩება ორი მნიშვნელოვანი კორიდორი, რომელთაგან ერთი სომხეთს ყარაბაღთან დააკავშირებს და მეორე – აზერბაიჯანს ნახიჩევანთან.

აზერბაიჯანის მიერ გადადგმული ნაბიჯები და დღევანდელი შედეგი აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო მოსკოვსა და სტამბოლს შორის.  ამით რუსეთის სტატუს-კვო გაუმჯობესდა – მხარეები რუსული სამხედრო კონტიგენტის განთავსებაზე დათანხმდნენ და აქ  რუსული სამხედრო ბაზა იქნება.

სხვათა შორის, რუსი სამშვიდობოების ბრიგადა უფრო ადრე დაიძრა სომხეთისკენ, გზაშია და მალე ადგილზე მალე იქნება, ვიდრე მისი განთავსების შესახებ ცნობა გავრცელდა.

ფაქტია, რომ რეგიონში ჩვენ მივიღეთ ბევრად უფრო მეტი რუსი სამხედრო, ვიდრე  კონფლიქტამდე იყო.

ვნახოთ, ჯერ კიდევ არსებობს თეორიული შანსი იმისა, რომ სომხეთი არ დათანხმდეს ამ ხელშეკრულების იმპლიმენტაციაზე და ინფორმაციაა, რომ ოპოზიცია ამ შეთანხმების გაუქმებაზე ხელმოწერებს აგროვებს, რომ ფაშინიანი სადღაც გაიქცა და შესაძლოა, ახალი მთავრობა არ დათანხმდეს. თუმცა, ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ეს ნიშნავს რუსეთთან ღია დაპირისპირებას იმიტომ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება სწორედ რუსეთის მედიაციით დაიდო.

რა იცვლება საქართველოსთვის?

რეგიონში რაც უფრო მეტი რუსი სამხედროა, უფრო მეტი პრობლემაა ჩვენთვის.

ეს დინამიკა აჩვენებს, რომ რეგიონში ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდაც ლაგდება ძალთა ბალანსი.

ამასთან, რუსეთის ბერკეტები უფრო გაიზარდა აზერბაიჯანზეც და სომხეთზეც. რუსეთმა საბოლოო ჯამში ყველას აჩვენა, რომ კავკასიაში თვითონ ალაგებს სიტუაციას და ხაზი ისევ რუსეთზე გადის.

კი, არის რაღაც საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, თურქეთის ჯარის რაღაც ნაწილებიც შემოვიდეს, ყოველ შემთხვევაში, ალიევმა ახსენა ეს, მაგრამ ამაზე შეთანხმება ჯერჯერობით არ არსებობს.

ფაქტია, რომ რუსეთმა თავისი პოზიციები გაიძლიერა, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ახლა სომხეთში უფრო დასავლეთზე ორიენტირებული ფაშინიანის გადატრიალება ხდება.

წყარო: ჯემნიუსი 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი