Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კახეთში უქმე დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას ითხოვენ

125

კახეთში მოსახლეობა ამბობს, რომ საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, შაბათ- კვირას ტრანსპორტის არქონა, სოფლის მეურნეობით დაკავებულ ადამიანებს პრობლემებს უქმნის.

” უკვე საგაზაფხულო სამუშაოები იწყება. სამუშაო დღეებში, რაღაც ორი კაპიკისთვის ვმუშაობთ. შაბათ- კვირას სოფელში წასვლა გვჭირდება, რომ ცოტა ბოსტნეული მაინც მოვიყვანოთ. მცირეოდენი პროდუქცია რომ არ შევქმნათ, ამ გაჭირვებაში და სიძვირეში, რა უნდა ვჭამოთ. ტრანსპორტი რომ გაჩერებულია, ბუნებრივია, სოფელში ვერ მივდივართ, სად გვაქვს ტაქსის ფული”- განაცხადა რადიო ჰერეთთან, ერთ- ერთმა ადგილობრივმა, ცისანა მამუკელაშვილმა.

შაბათ- კვირას ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამო, თელავში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტიც, რომლითაც მოსახლეობას უახლოეს სოფლებში გადაადგილება შეუძლია.

” პატარა ნაკვეთი მაქვს კურდღელაურში. სამუშაო დღეებში, დამლაგებლად ვმუშაობ, შაბათ- კვირას კი შესაძლებლობა რომ იყოს, წავიდოდი იმ ნაკვეთს მივხედავდი. მარშუტი ისეთია, რომ მუნიციპალური ავტობუსი მაწყობდა, მით უფრო, რომ მგზავრობა უფასოა”- თქვა იზა ტურძილაძემ.

თელავის სატრანსპორტო გაერთიანების დირექტორი, ვანო იორდანიშვილი განმარტავს, რომ შაბათ- კვირას საზოგადოებრივი და მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებენ.

” შაბათ- კვირას ტრანსპორტი ყველგან გაჩერებულია. ეს შეზღუდვა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო შემოიღეს და ჯერ კიდევ ძალაშია. გარკვეულ შემსუბუქებას აპირებენ, თუმცა, ზუსტად არ ვიცი, როდის და რა ფორმით”- განაცხადა იორდანიშვილმა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, ქვეყანაში კორონა ვირუსის შემთხვევების მატების გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის ნოემბრის ბოლოდან შეიზღუდა.

1 თებერვლიდან ტრანსპორტზე შეზღუდვა ნაწილობრივ მოიხსნა, თუმცა შაბათ- კვირას გადაადგილება კვლავ შეზღუდულია.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი