Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

რა გავლენა მოახდინა პანდემიამ ჰაერის დაბინძურებაზე

შეზღუდვების დროს ნახშირბადის გაფრქვევები მკვეთრად დაეცა

21

ადამიანების ცხოვრება პანდემიამ მრავალმხრივ შეიცვალა, რა თქმა უნდა, ამან დედამიწაზეც მოახდინა გავლენა. ამ მხრივ ყველაზე შესამჩნევი ცვლილება, ალბათ, ჰაერის დაბინძურების შემცირება იყო. ეს პრობლემა დღემდე გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ფორმად მიიჩნევა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, ჰაერის დაბინძურების შედეგად ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი იღუპება. მათი მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ 10 ადამიანიდან 9 სუნთქავს ჰაერს, რომელშიც დამაბინძურებლების კონცენტრაცია WHO-ს მიერ დადგენილ ზედა ზღვარს აღემატება.
ლოქდაუნის შედეგად, პანდემიის ფონზე, ნახშირორჟანგის გაფრქვევები გლობალურად შემცირდა. ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიხედვით, მსოფლიოს გზებზე საშუალო აქტივობამ, 2019 წელთან შედარებით, 50%-ით იკლო, რის ფონზეც ატმოსფეროში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება შეუიარაღებელი თვალისთვისაც კი შესამჩნევი გახდა.

ქალაქებში მოძრაობის შემცირებასთან ერთად, მალევე შეინიშნებოდა მთელი რიგი დამაბინძურებლების კონცენტრაციის მკვეთრი შემცირება — ამ ნივთიერებათა გაფრქვევა, უმეტესად, შიდა წვის ძრავთანაა დაკავშირებული.
გაერთიანებული სამეფოს ატმოსფერული მეცნიერების ეროვნული ცენტრის მონაცემებმა აჩვენა, რომ აზოტის დიოქსიდის და PM2.5-ის (2.5 მიკრომეტრი ზომის აეროზოლების ) კონცენტრაციები ქვეყნის მასშტაბით ათ ქალაქში შემცირდა.

რაც შეეხება ინდოეთს, აქ ლოქდაუნის დაწყების შემდეგ გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა 90%-ით შემცირდა.

„ამჟამინდელმა კრიზისმა გვაჩვენა, რომ ჰაერის სისუფთავე საკმაოდ სწრაფად მიღწევადი მიზანია შესაბამისი ზომების მიღების შემთხვევაში,” — განუცხადა BBC News-ს სუნიჰ დაჰაიამ ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევითი ცენტრიდან.

აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენად სწრაფადაც გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი ლოქდაუნის დროს, იმდენად სწრაფად უბრუნდება თავის პანდემიამდელ მდგომარეობას.
მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) განაცხადა, რომ COVID-19 კრიზისზე გლობალურ პასუხს მცირე გავლენა ჰქონდა ატმოსფეროში CO2-ის კონცენტრაციის მატებაზე. შეზღუდვების დროს ნახშირბადის გაფრქვევები მკვეთრად დაეცა, თუმცა, WMO-ს მონაცემებმა აჩვენა, რომ ამ პროცესმა უბრალოდ მარგინალურად შეანელა ატმოსფეროში დამაბინძურებლების კონცენტრაციის მატების პროცესი.

წყარო: BBC

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი