ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო დასკვნითი აქცია გამართა

აქციის მონაწილეებს “ქართული ოცნების” პარტიის ლიდერები ზუსტად ერთი საათის განმავლობაში მიმართავდნენ.
აქციაზე რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი იყო მისული, ხალხი სიმრავლის გამო თავისუფლების მოედნის გარდა, რუსთაველის გამზირის ნაწილსაც ფარავდა, მათ შორის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას.
ტრიბუნიდან “ქართული ოცნების” ლიდერებმა ამომრჩეველს მიმართეს.
“ადრე თუ გვიან, სამართალი ყველასთან მივა და ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას, არავის ვაპატიებთ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი მიწის გაყიდვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი პატრიარქის, სასულიერო პირებისა და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის, მართლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვასა და შეურაცხყოფას”, – თქვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მმართველი პარტიის მიერ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
სცენაზე კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ავიდა, რომელმაც გამოსვლის ერთი ნაწილი საპატიმროში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაუთმო.
“სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ. დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის წინააღმდეგ. ხომ ბევრს გეგონათ, ჩვენო მხარდამჭერებო, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთავრდებოდა. არა! უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება. ასე ცხოვრობდა ყველა ამ მიწაზე ჩვენამდე და ჩვენც გვაქვს ახალი და ბევრი ბრძოლები“, – თქვა წულუკიანმა.
სიტყვით გამოვიდნენ რუსთავისა და თბილისის მერობის კანდიდატებიც. თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს 2 ოქტომბერს მხარდაჭერისთვის.
“თითოეულ თქვენგანს გადაგიხდით უდიდეს მადლობას 2 ოქტომბრის გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის. ეს არჩევნები იყო ბევრად მეტი, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს იყო არჩევნები, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა გაევლო ზღვარი ძალადობასა და თავისუფლებას შორის, სიცრუესა და სიმართლეს შორის, უსამართლობასა და სამართლიანობას შორის,არეულობასა და მშვიდობას შორის, წარსულში დაბრუნებასა და მომავლის პერსპექტივას შორის”, – თქვა კალაძემ.
აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე ზუსტად იმ ადგილზე მიმდინარეობდა, სადაც 14 ოქტომბერს “ნაციონალურმა მოძრაობამ” მხარდამჭერები შეკრიბა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.
“ოცნების” აგრესიულ კოორდინატორებს საჯარო მოხელეები აქციაზე მიჰყავს
“ქართული ოცნების” აქციაზე ლაგოდეხიდან 1700-მდე მხარდამჭერი გაემგზავრა