მნიშვნელოვანისიახლეები

უკრაინელ ოჯახებს ბავშვების თბილისის ბაგა-ბაღებში მიყვანა შეეძლებათ

თბილისის მერის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ ოჯახებს შვილების ბაგა-ბაღებში მიყვანა მომავალი კვირიდან შეეძლებათ.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საკრებულოსთან ერთად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მათ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიღებისას პრიორიტეტი მიენიჭებათ.

თბილისის მერმა საკუთარ მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა, აღნიშნულ საკითხს კოორდინაცია გაუწიოს.

კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მათ რაიმე გადასახადის გადახდა არ მოუწევთ.
“უნდა გქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია ამ ოჯახებთან და აუხსნათ ეს ყველაფერი. ჩვენ ამ ოჯახებს გვერდით დავუდგებით, სანამ ამის საჭიროება იქნება და მშვიდობა არ დაისადგურებს უკრაინაში“, – თქვა კახა კალაძემ.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თბილისში გრძელდება უკრაინელი მოქალაქეების მხარდამჭერი პროგრამები, როგორიცაა: უფასო მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და სპორტული ინფრასტრუქტურის, საცურაო აუზების, ხელოვნების სკოლებისა და მუზეუმების სერვისებზე უფასო წვდომა.

თბილისის მერმა უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ანგარიშზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ შემომწირველების მხრიდან ანგარიშზე უკვე მილიონ 117 ათას ლარზე მეტია ჩარიცხული.

კახა კალაძემ აქვე, მადლობა გადაუხადა შემომწირველებს და უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოუცხადა.

„უკრაინის დასახმარებლად გავხსენით სპეციალური ანგარიში სახაზინო კოდით – 300778800. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ ანგარიშზე შემოწირული თანხის რაოდენობა მილიონ 117 ათასი ლარია, რაც ძალიან სასიხარულოა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას და რიგით მოქალაქეებს, ვინც ჩართულია ამ პროცესში. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. ეს თანხები მიმართული იქნება ჩვენი უკრაინელი დების და ძმების დასახმარებლად. მომდევნო დღეების განმავლობაში, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორი ფორმით განვახორციელოთ ამ თანხის უკრაინაში გადარიცხვა – ეს იქნება ისევ პროდუქტების შეძენა თუ თანხის პირდაპირ გადარიცხვა. გვექნება კონსულტაციები უკრაინის საელჩოსთან და ამის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

უკვე ოცდაერთი დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს – იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები. დაიბომბა სამშობიარო სახლიც.

მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი “ეროვნული ინტერესების” მოტივით არ უერთდება მათ.

კახა კალაძის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button