როგორ ეხმაურებიან ზელინსკის შესაძლო მიმართვას პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ არც კი განიხილავს ორი ოპოზიციური პარტიის, “ლელოსა” და “ნაციონალური მოძრაობის”, ინიციატივებს, რომლებიც უკრაინას შეეხება. ასე უპასუხა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვაზე, აპირებენ თუ არა ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობის მიცემას.
“თუკი რეალურად ვინმეს სურს უკრაინას დაუდგეს გვერდში, დაუდგეს საქმით და არა ხმამაღალი განცხადებებით… აბსურდია, როდესაც ქართული ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლების სახელით გამოდის და საუბრობს, ვის რა უნდა, ჩართვა უნდა, თუ რა უნდა. არც კი ჰკითხეს საერთოდ უკრაინის ხელისუფლებას. ესეც აჩვენებს, რა არის რეალური მიზანი ამის უკან, ეს არის კიდევ ერთხელ ისტერიის აწევა და ა.შ…
რაც შეეხება ზელენსკის მოსმენას, მგონი “ლელო” და “ნაციონალური მოძრაობა” გერევათ ზელენსკიში, ზელენსკის არ მოუმართავს ჩვენთვის, მოგვმართა “ლელომ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ”. ხაზგასმით ვამბობ, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ლელოს” არცერთ ინიციატივას, რომელიც შეეხება უკრაინას, “ქართული ოცნება” არცკი განიხილავს”, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ოპოზიციური პარტია “ლელოს” ინიციატივაა, საქართველოს პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას მოუსმინონ. ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა სალომე სამადაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
“უკრაინა დღეს თავისუფალ სამყაროსთან ერთად ებრძვის 21-ე საუკუნის ბოროტებას ვლადიმერ პუტინის რეჟიმის სახით. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს და მასთან ერთად ჩვენი ქვეყანა…
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ საქართველოს პარლამენტმა მოიწვიოს პრეზიდენტი ზელენსკი სიტყვით გამოსვლისთვის პლენარულ სხდომაზე…
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, გადავდოთ გვერდით პოლიტიკური დაპირისპირება ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის საუკეთესო ინტერესებისთვის”, – განაცხადა სამადაშვილმა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსმენა იქნება სიმბოლური ჟესტი, რათა ქვეყანამ სახელმწიფოებრივი პრესტიჟი აღიდგინოს.
ამასთან, ხიდაშელს არ აქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ ზელენსკის მოსმენას დათანხმდება.
თინა ხიდაშელმა ასევე ისაუბრა ევროინტეგრაციის პროცესზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ნდობა აქვს დაკარგული და ამის აღსადგენად შარლ მიშელის დოკუმენტი უნდა შესრულდეს.
რაც შეეხება ამ პროცესში პრეზიდენტის როლს, ხიდაშელი ამბობს, რომ „პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, რაც თავისთავად ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს პოლიტიკური ნების ფორმირების თვალსაზრისით“.
მანჯგალაძე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის უარს ოპოზიციის ინიციატივაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პარლამენტს მიმართოს.
„ის, რომ ხელისუფლება უარს ამბობს საქართველოს პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ჩართვაზე, მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ როგორც ჩანს, „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია რუსეთთან წინააღმდეგობის და თავისუფლებისთვის ბრძოლის ის გზა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი აწარმოებს თავისუფალი სამყაროს სახელით. „ქართული ოცნებისთვის“ უფრო მისაღებია იანუკოვიჩის მტერთან კოლაბორაციის გზა, რომელმაც დაშლის პირას მიიყვანა უკრაინის არმია, ხელსაყრელი პირობები შექმნა უკრაინის ოკუპაციისა და მიმდინარე ომისთვის.
რეგიონში შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე, კიდევ ერთხელ მივმართავ მოქალაქეებს, ვიყოთ ძალიან ფხიზლად, რადგან „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი განცხადებებისა და ქმედებების პირობებში, უცაბედად ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის ნაცვლად, ევრაზიული კავშირის წევრები არ გავხდეთ.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერი, რომელიც შიმშილის, რძის და ყველის არქონის შიშით უარს იტყვის მტერთან წინააღმდეგობის გაწევაზე, ვერც მშვიდობას მიიღებს და შესაბამისად, ვერც რძესა და ყველს,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.
უგულავამ შეაფასა ოპოზიციის ინიციატივა საქართველოს პარლამენტისთვის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის შესახებ. უგულავას განცხადებით, მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა, რომ ეს გეოპოლიტიკური კატასტროფა „ნაც-ქოცურ“ დაპირისპირებად გადაექცია და მსჯელობის საგანი გახადა, მოუსმენენ თუ არა პრეზიდენტ ზელენსკის.
შეგახსენებთ რომ გუშინ, 17 მარტს პარლამენტის ტრიბუნიდან “ლელომ” გააჟღერა ინიციატივა, რომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისთვის მოეწვიათ უკრაინის პრეზიდენტი. ამ ინიციატივას იზიარებს არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა”, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიებიც. მათ შორის “გირჩი” და “საქართველოსთვის”.უკვე 23-ე დღეა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს – იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები. დაიბომბა სამშობიარო სახლიც. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი “ეროვნული ინტერესების” მოტივით არ უერთდება მათ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 17 მარტს პირდაპირი ვიდეოხიდის საშუალებით მიმართა გერმანიის პარლამენტის – ბუნდესტაგის წევრებს. ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლებლობა ჰქონდა უკვე მიემართა აშშ-ის კონგრესისა და ბრიტანეთის პარლამენტისთვის, ის სიტყვით გამოვიდა ევროპის კავშირის კანონმდებლების წინაშეც.