“ბავშვები სეზონური გრიპისგან დაუცველები არიან”

ფაქტიურად, ბავშვები სეზონური გრიპისგან დაუცველები არიან”- მშობლების ნაწილი თვლის, რომ გრიპის ვაქცინა, ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
სეზონურ გრიპზე აცრა უკვე დაწყებულია, თუმცა ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის.
მშობლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ყველაზე დაუცველები, სეზონს ბავშვები ხვდებიან.
” სამი შვილი მყავს. გასულ წელს, ორს სეზონური გრიპი შეხვდა და არც ისე იოლი გადასატანი იყო. კოვიდზე ბავშვების აცრა არ მინდოდა, მაგრამ გრიპზე თანახმა ვარ. მოვიკითხე და მითხრეს, რომ მხოლოდ კომერციულად არის შესაძლებელი ვაქცინის შოვნა და ბავშვებისათვის ის, უფასო არ არის. სამივეს რომ გავუკეთო და მეც ავიცრა, ამისთვის თანხა არ მაქვს. გამოდის, სრულიად დაუცველები ვხვდებით სეზონს”- ამბობს მშობელი.
თელავში ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამილა თეიმურაზიშვილი ,ამბობს, რომ საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ ვაქცინა მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ბავშვებისათვის შემოიტანა.
” საზოგადოებრივი ჯანდაცვა განსაზღვრავს, რამდენი ვაქცინა და რომელი ჯგუფისათვის უნდა გვქონდეს. ჯერჯერობით, ბავშვების მხოლოდ გარკვეული ჯგუფი ექვემდებარება უფასო ვაქცინაციას. რაც შეეხება კომერციული ვაქცინას, რომელიმე ქსელმა რომ შემოიტანოს კიდეც, ჩვენ ნაყიდი და შემდეგ ჩვენთან მოტანილი ვაქცინით აცრის პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. გასულ წელს, გარკვეულ ეტაპზე იყო ვაქცინა ყველასთვის და წელს, ვერ გეტყვით, როგორ იქნება”- განმარტავს თეიმურაზიშვილი.
თელავის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი, ხათუნა ჭონიაშვილი ამბობს, რომ ბავშვებისათვის ვაქცინა იქნება, თუმცა საფასურის გადახდით.
” გრიპის ვაქცინის სამიზნე ჯგუფები განსაზღვრულია. ყველა დანარჩენისათვის , ვაქცინას ფასი აქვს. წელსაც შემოვა, თუმცა, ზუსტი დრო ჯერ არ ვიცი. შეკვეთილი ნამდვილად გვაქვს და სასურველია, გრიპის აქტიური სეზონის დადგომამდე, გაკეთება მოხერხდეს”- განაცხადა ჭონიაშვილმა.
სეზონური ვაქცინაცია გრიპზე 21 სექტემბერს დაიწყო და ჯერ კიდევ გრძელდება.