მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის აღარ არის ჰიბრიდული ეს ნამდვილი ომია

პუტინის განცხადება ნაწილობრივ მობილიზაციის შესახებ კვლავ ძალაშია

ის, რაც უკრაინაში ხდება, უკვე აღარ არის ჰიბრიდული ომი, არამედ ეს არის ნამდვილი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ნალედი პანდორთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს აღარ არის ჰიბრიდული ომი, არამედ ნამდვილი, რომელსაც დასავლეთი დიდი ხანია ამზადებდა რუსეთის წინააღმდეგ, ცდილობს რა გაანადგუროს ყველაფერი რუსული. ენიდან დაწყებული კულტურამდე“, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი სამხრეთ აფრიკას სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში ის დღეს სამხრეთ აფრიკელ კოლეგას შეხვდა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, კირილ რამაფოსა სამხრეთ აფრიკას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ნეიტრალურ ქვეყნად წარმოაჩენს და ამ საკითხზე გაერო-ს რეზოლუციებზე კენჭისყრაში მონაწილეობისგან სამხრეთ აფრიკა თავს იკავებს, თუმცა, ქვეყანა, თებერვალში რუსეთთან და ჩინეთთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების მასპინძლობას გეგმავს, რაც, დასავლური მედიის შეფასებით, სავარაუდოდ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დასავლეთთან ურთიერთობებს დაძაბავს.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულება უკრაინასთან საომრად „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შესახებ, ისევ ძალაშია. პესკოვს მოსკოვში დღეს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, რატომ არ გაუქმდა ბრძანება, თუ მობილიზაცია უკვე დასრულებულია.

„რაც შეეხება ნაწილობრივი მობილიზაციით გაწვევას, ეს პროცესი დასრულებულია და აქ გთავაზობთ ორიენტირებას რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებსა და განცხადებებზე. მაგრამ ბრძანებულება ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სხვა ფუნქციებსაც“, – განაცხადა პესკოვმა. მისივე თქმით, „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში გაწვევა ხორციელდებოდა შეიარაღებული ძალებისთვის დასახული ამოცანების შესასრულებლად საჭირო რიცხოვნობის მისაღწევად და მას შემდეგ, რაც შესაბამის რიცხვს მიაღწიეს, „მოქალაქეთა გაწვევა შეჩერდა, დასრულდა“. კრემლის პრესმდივანმა არ დააკონკრეტა, რას მოიცავს პუტინის ბრძანებულების სხვა ნაწილი, რომლის გამოც ის კვლავ ძალაშია.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ფსკოვის საოლქო საბჭოს დეპუტატ არტურ გაიდუკს მისი მიმართვის პასუხად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წერილობით აცნობეს, რომ პუტინის ბრძანებულება “ნაწილობრივი მობილიზაციის” შესახებ, ისევ ძალაშია.

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან საომრად “ნაწილობრივი მობილიზაცია” 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. 28 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ მობილიზაცია დასრულდა, რადგან შესრულებულია მისი ამოცანა – 300 ათასი ადამიანის გაწვევა.

ამასთან, რუსეთს პრეზიდენტს არ გამოუცია ოფიციალური ბრძანება მობილიზაციის დასრულების შესახებ. ეს კრემლში იმით ახსნეს, რომ პუტინს კონსულტაცია ჰქონდა საკუთარი ადმინისტრაციის იურისტებთან, რომლებმაც განმარტეს, რომ ცალკე დოკუმენტის ხელმოწერა საჭირო არ არის.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button