ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ “ენმ”-ს წევრემბა თანამდებობები დატოვეს

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, ბაჩო დოლიძემ და აკაკი მინაშვილმა პარტიული თანამდებობები დატოვეს, თუმცა პარტიაში რჩებიან.
ბაჩო დოლიძე ნაციონალურ მოძრაობაში საორგანიზაციო მდივნის პოზიციას იკავებდა, აკაკი მინაშვილი კი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური მდივანი იყო.
ბაჩო დოლიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის ახალ თავმჯდომარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ნორმალურად დააკომლექტოს გუნდი, რომელსაც თვლის, რომ უნდა იყოს წინა ფლანგზე.
“დღესვე ვთმობ [თანამდებობას] იქიდან გამომდინარე, რომ მოგებულ მხარეს, კანდიდატს, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ნორმალურად დააკომპლექტოს გუნდი, რომელსაც ის თვლის, რომ უნდა იყოს ე.წ წინა ფლანგზე, ანუ მენეჯმენტში, არავინ მინდა ჩათვალოს ბოიკოტად აღნიშნული გადადგმული ნაბიჯი. რა თქმა უნდა, ვრჩები პარტიის რიგებში, ვაგრძელებ ბრძოლას იმ რეჟიმთან, რომელსაც ჰქვია ქართული ოცნება, ეს არის მთავარი მოწინააღმდეგე”, – თქვა ბაჩო დოლიძემ.
აკაკი მინაშვილის თქმით, იმ ფონზე, როცა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საკითხი აქტუალურია, ბუნებრივია, რომ პარტიას არ ტოვებს.
“მინდა გითხრათ, რომ მქონდა გარკვეული პოზიციები პარტიის მენეჯმენტში, ვიყავი პოლიტიკური მდივანი, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ორივე ამ პოზიციას ვტოვებ, ბუნებრივია პარტიიდან არ მივდივარ, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საკითხი არის ძალიან აქტუალური, თუმცა აქტიურ პარტიულ მმართველობას ჩამოვშორდები და ვდისტანცირდები. პარტიას ვუსურვებ წარმატებას”, – თქვა მინაშვილმა.
ვტოვებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და ვტოვებ პოლიტსაბჭოს. ვრჩები რიგით წევრად, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი იქნება პუტინის პირადი პატიმარი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რაც ერთადერთი გამოსავალია მისი სიცოცხლის გადასარჩენად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა.
ნაყოფიას თქმით, მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას, დატოვებს თუ არა პარტიას.
„შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა პარტიაში, შემდეგ მივიღებ სხვა გადაწყვეტილებებს, როდესაც სააკაშვილი იქნება თავისუფლებაზე და მასთან შემეძლება კომუნიკაცია. მძიმე არჩევნები იყო და მე, როგორც კომისიის თავმჯდომარემ, შევძელი და ყველა გადაწყვეტილება კომისიის შიგნით მივიღეთ კონსენსუსით, ორჯერ ჩატარდა კენჭისყრა კომისიის მუშაობის დროს. სხვა საკითხებზე არ ჩაგვიტარებია, იმდენად შეთანხმებულად ვმუშაობდით კამათის მიუხედავად. პროცესი იყო გამჭვირვალე, არავინ ჩარეულა და არანაირი მანიპულაცია არ ყოფილა, გაიმარჯვა იმ კანდიდატმა, ვინც დააგროვა ხმების უმრავლესობა. მე სულ ვამბობდი, რომ შედეგები უნდა აღიარებულიყო, რადგან ვხედავდი, რომ არანაირი მანიპულაცია არ მომხდარა. საზოგადოებას ვანახეთ, როგორ უნდა ტარდებოდეს არჩევნები. მოხარული ვიქნები, ასე თუ ჩატარდება საპარლამენტო თუ სხვა არჩევნები“, – განაცხადა ნაყოფიამ.
პარტიაში არჩევნები 28-29 იანვარს მიმდინარეობდა. რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონულად, ე.წ ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებით განხორციელდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52,58 პროცენტი მიიღო.