პრეზიდენტის 40-წუთიან გამოსვლას, როგორც მოსალოდნელი იყო განსხვავებული რეაქცია და პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა
ყველა თქვენი წინადადებით და ნარატივით გააძლიერეთ „ნაცმოძრაობის“ ცრუ კამპანიაც და მათი მიზნებიც ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ – უკაცრავად, მაგრამ ობიექტური არ ხართ! – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც პრეზიდენტი წლიური მოხსენებით წარდგა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ზურაბიშვილის პოზიციების ეწინააღმდეგება მათ პოზიციებს, ვინც მას ხმა მისცა და „ეთანხმება მათ პოზიციებს, ვინც მოღალატეს და აგენტს ეძახდა“.
„ვისაუბრებ ხელისუფლების მიმართ პიარულ დარტყმებზე და ერთ ხმაზე ნალაპარაკებ ფრაზაზე – „არა რუსულ კანონს“ – დღეს თქვენ ამ ნარატივის გაღრმავებას შეუწყვეთ ხელი. კანდიდატის სტატუსის არმონიჭება რადიკალური ოპოზიციის მიზანია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება ნებისმიერი გზით და ფორმით, რადაც არ უნდა დაუჯდეთ. საქართველოს მიზნებისგან განსხვავებით. თქვენი პოზიცია ირიბად ან პირდაპირ ხომ არ ემთხვევა ამ მიზნებს? როდესაც ევროკავშირმა თავად, კრიტერიუმების დონზე აღიარა, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. დღეს თქვენ ბრძანეთ, რომ არ იმსახურებდა. ევროპამ თავად აღიარა, საქართველოში ყველა ობიექტური ადამიანი ფიქრობს, რომ იმსახურებდა, თქვენ კი ამბობთ, რომ არ იმსახურებდა და ჩვენ დაგვაბრალეთ. შესრულებულ, თითქმის ბოლოში გასულ რეკომენდაციებს ფორმალურად შესრულებული დაარქვით. რატომ ემთხვევა სამივე მიზანი რადიკალური ოპოზიციის მიზნებს? იქნებ აგვიხსნათ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ვინც თქვენ ხმა მოგცათ, იმის პოზიციებს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება თქვენი დღევანდელი პოზიცია და ეთანხმება მათ პოზიციებს, ვინც თქვენ მოღალატეს და აგენტს გეძახდათ რამდენიმე წლის წინ. საზოგადოების დაკვეთა იყო – არა ბოროტებას, არა ძალადობას, არა „ნაცმოძრაობას“. დღეს თქვენ ყველა თქვენი წინადადებით და ნარატივით გააძლიერეთ „ნაცმოძრაობის“ ცრუ კამპანიაც, მათი მიზნებიც ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ. აქედან გამომდინარე ისმება ლოგიკური კითხვა -რატომ ხდება ისე, რომ მათი პოზიცია, ვინც მხარი დაგიჭირათ, აბსოლუტურად იგნორირებულია და ვინც აგენტს გეძახდათ, მათ ნარატივს ამყარებთ“,- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე შეფასებით, ზურაბიშვილმა მისი მხარდამჭერების დაკვეთა არ შეასრულა.
„კიდევ ერთი საკითხია, თქვენ ისაუბრეთ ქალი უფლებებზე. 2012 წლამდე ქალის უფლებები ვის ახსოვდა და ზოგადად, ადამიანის უფლებები? თუ რამე შეიძლებოდა ამ მიმართულებით, გავაკეთეთ. თქვენ ისაუბრეთ ამ მიმართულებით, დავიჯერებდი თქვენს გულწრფელობას ერთი წინადადებით მაინც რომ გეხსენებინათ ის ქალი ჟურნალისტები, რომელთაგან ერთი გახდა დისკრიმინაციის მსხვერპლი, მეორე კი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. რაც არ უნდა მოწოდებები და ნარატივის დალაგების მცდელობა იყოს, ქალბატონო სალომე, თქვენ, სამწუხაროდ, თქვენ მიერ ქართული საზოგადოების დაკვეთა არ შეასრულეთ, უკაცრავად, მაგრამ ობიექტურ არ ხართ. „ნაცმოძრაობის“ ნარატივის გაძლიერება ობიექტურობა არაა. ეს არის უკიდურესი ტენდენციურობა და პოლარიზების გამაღრმავებელი. მაგრამ, საქართველო უპირველესად, ყველაფერს გააკეთებს და შეძლებს, რომ ამ რთული პერიოდის დროს ფიზიკურად გადარჩეს და მეორე – ღირსებით, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებით, ეროვნული თავმოყვარეობის შენარჩუნებით, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ამისთვის ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს, შეინარჩუნებს, თავმოყვარეობას, ღირსებას და ორ ფეხზე მდგარი, მყარად ივლის ევროპისკენ და გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
“ჩვენ რომ სანქციებს მივერთებოდით, ჩვენ რომ უკრაინაში მოხალისე სამხედროები გაგვეშვა, ჩვენ რომ რუსი ეროვნების მოქალაქეების დევნა დაგვეწყო, როგორც დევნიდნენ მათ თბილისის ქუჩებში, ჩვენ რომ გვეძახა აი ამ “წვას” გვირჩევნია ბომბების ცვენაო, ჩვენ რომ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების, მაღალჩინოსნების მოწოდებებს ავყოლოდით, ომისგან გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა? რისკების დაზღვევა როგორ მოხდებოდა?” – ასე მიმართა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტის წლიური ანგარიში მისმინეს.
მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მიზნები ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიზნებს.
“კანდიდატის სტატუსის არმონიჭება გახლავთ რადიკალური ოპოზიციის მიზანი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება ნებისმიერ გზით. ხომ არ ემთხვევა თქვენი პოზიცია ირიბად თუ პირდაპირ ამ მიზნებს? ევროკავშირმა თავად აღიარა, რომ საქართველო, მაშინ როდესაც მას არ მიენიჭა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად კანდიდატის სტატუსი, იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. დღეს თქვენ ბრძანეთ, რომ არ იმსახურებდა. ევროპამ თავად აღიარა, საქართველოში ყველა ობიექტური ადამიანი ფიქრობს, რომ იმსახურებდა და თქვენ ამბობთ, რომ არ იმსახურებდა და ჩვენ დაგვაბრალეთ. თქვენ შესრულებულ რეკომენდაციებს დაარქვით ფორმალურად შესრულებული. დღეს ამბობთ, რომ კიდევ არ იმსახურებს,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა თავისი გამოსვლით პოლარიზაციის ახალი ტალღის წარმოშობას შეუწყო ხელი.
“თქვენ არ ხართ ობიექტური, “ნაცმოძრაობის” ნარატივის გაძლიერება არ არის ობიექტურობა. ეს არის უკიდურესი ტენდენციურობა და პოლარიზაციის გამაღრმავებელი, მაგრამ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პირველი, ჩვენი ქვეყანა ფიზიკურად გადარჩეს და მეორე, ღირსებით, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებით, ეროვნული თავმოყვარეობის შენარჩუნებით გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შემაშფოთებელია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო.
“დღესაც ბევრი გაუგებარი განცხადება მოვისმინეთ, რაც მოსალოდნელი იყო. სხვა მოლოდინი არც გვქონდა, ვერ გვექნებოდა. ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის შემაშფოთებელი. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო არც წელს დაიმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის შემაშფოთებელი. ეს არ არის იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც უნდა ზრუნავდეს საკუთარ სახელმწიფო ინტერესებზე.
ერთი მხრივ საუბრობ შენ კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე და მეორე მხრივ, თავად უპირისპირდები კანდიდატის სტატუსს, ეს არის გაუგებარი და რადიკალური რიტორიკის გაგრძელება, რაც რბილად რომ ვთქვათ არის შემაშფოთებელი. ჩვენ მრავლად მოვისმინეთ გაუგებარი განცხადებები. ეს არის მოკლე კომენტარი, რომლითაც შემიძლია შემოვიფარგლო, ამის იქით ალბათ არც არის საჭირო“, – აცხადებს კობახიძე.
პრეზიდენტმა დღეს 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე ძალიან ბევრი დამაზიანებელი განცხადება გააკეთა. პირველ რიგში, მისი გამოსვლა იყო რესტარტი პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა შესრულებულ რეკომენდაციას სალომე ზურაბიშვილმა ფორმალურად შესრულებული უწოდა.
„მან უაპელაციოდ მოახდინა იმის დეკლარირება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსსა და გზას. საქართველოს პრეზიდენტი დღევანდელი განცხადებებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებების მეინსტრიმში ჩაჯდა, რითაც ისინი 2011 წლიდან მოყოლებული, მუდმივად აპელირებდნენ საქართველოს და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ასევე, პირადად სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, როდესაც ის შემოგდებულ რუსულ აგენტად ჰყავდათ გამოცხადებული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილს კითხვით მიმართეს, პრეზიდენტის კრიტიკის ფონზე, რამდენად შესაძლებელია მისი იმპიჩმენტი. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, იმპიჩმენტი ამ ვითარებაში რელევანტური არ არის.
„პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა იყო არა რაღაც მიზნის კონსოლიდაციისთვის, არამედ მიზნის დაზიანებისთვის. ამ მიზნის დასაზიანებლად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოყენებული ყველა ცნობილი მესიჯი აქტიურად გამოიყენა. ამით ყველაზე მთავარი შეასრულა, რომ პოლარიზაცია გაეღრმავებინა. იმპიჩმენტი ამ სიტუაციაში რელევანტური არ არის, რადგან კიდევ ერთხელ სწორედ იმ მიზნის შესრულებას არ დაეხმარება, რასაც პოლარიზაციის დასრულება ჰქვია. პრეზიდენტმა წითელი ხაზები შეიძლება არ გადალახა, მაგრამ რამდენჯერმე ფეხით გადასცდა. ერთ მაგალითს ვიტყვი, დაიწყო პარტიულ საქმეებში ჩარევა, რომელი პარტია როგორ იწყებს და როგორ იღებს გადაწყვეტილებას. საპარლამენტო დემოკრატიაში მმართველი პარტია არის გადაწყვეტილებების მაგენერირებელი და გადაწყვეტილებების მიმღები.
აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იყო მისი დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ძალიან ადვილად მოიხსენია, რომ ბელარუსთან მიმართებით ჩვენ რადიკალური ფორმები და ზომები არ მივიღეთ. ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი, პროვოკაცია რომ გაგრძელებულიყო და ბელარუსს ეღიარებინა აფხაზეთის ან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა? სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი ვერცერთ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს. მას რატომღაც ჰგონია, რომ თუ ვიღაც სადღაც ტაშს დაუკრავს, ეს საქართველოსთვის ყოველთვის სასარგებლოა. ეს ადამიანი ძალიან ახლოს დგას საქართველოს ძირეული ინტერესების დაზიანებასთან და ამის შენიღბვა მხოლოდ და მხოლოდ რიტორიკით შეუძლია. თურმე მხოლოდ ის არის საქართველოს დამოუკიდებლობაზე და ევროპულ მომავალზე მზრუნველი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა კარგი, ობიექტური შეფასებები გააკეთა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ასევე, მივიღებთ იმ კრიტიკას, რაც ოპოზიციასთან მიმართებით გააჟღერა. თუმცა, ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წლიური მოხსენებით წარსდგა.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში მოცემულობა არ იცვლება.
„30 წლის შემდეგ კვლავ გვიწევს საუბარი საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე, ევროპული პერსპექტივის მიღებაზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ 30 წლის შემდეგაც ყველა ჩვენგანს, ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფო ინსტიტუცია, პარლამენტი, გონიერება უნდა გვეყოს და ის გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც დაცლილი იქნება პოლიტიკური შემადგენლისგან, მივიღებთ სახელმწიფოებრივ, ეროვნული ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებას. დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა კარგი, ობიექტური შეფასებები გააკეთა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ასევე, მივიღებთ იმ კრიტიკას, რაც ოპოზიციასთან მიმართებით გააჟღერა ქალბატონმა პრეზიდენტმა. თუმცა, ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, ვინაიდან დღეს, ხელისუფლებაზეა მთელი პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარების და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების წარმართვის შესახებ. ის პრობლემები, რომელზეც დღეს საუბრობდით ქალბატონო სალომე, ანტიდასავლურ კამპანიაზე, ომის თემატიკაზე და ა.შ. შემთხვევითი არ არის. გარდა იმისა, რა წარმატებებიც თქვენ აღნიშნეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებთან მიმართებაში, რომელთა მნიშვნელოვანი წილი ასევე წინა ხელისუფლებების დამსახურებაც იყო, საუბარი მაქვს ევროპულ პერსპექტივაზე, არსებობდა კიდევ პარალელურ განვითარება „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო ვერტიკალში, სახელმწიფო პოლიტიკაში, რომელმაც ამ შედეგებამდე მიგვიყვანა“- განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთის ოფიციოზის მიერ გახმოვანებული გეგმის ნაწილია ის, რომ „ყველა სააკაშვილის ბედს გაიზიარებს, ზელენსკიც, თუკი გააგრძელებენ იმ რიტორიკას, რომელსაც სხვები ახორციელებენ” . ბეჟაშვილის თქმით, ამ გეგმის ნაწილია ანტიდასავლური პროპაგანდა, რომ „დასავლეთს ომი უნდა“, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანა დააშოროს ევროპულ პერსპექტივას და საზოგადოებაში ნიჰილიზმი დანერგოს ევროპული ღირებულებების მიმართ.
„ბოლო წლის განმავლობაში, ხელისუფლება რეალურად ქვეყანას ომის რეჟიმში ამყოფებს. მოსახლეობას გამოგონილი ომის თემით ატერორებს. ფაქტობრივად, ამ გამოუცხადებელი ომის იარაღი არის ბრძოლა საზოგადოებასთან რუსული პროპაგანდის მეთოდებით“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისი თქმით, დღეს ქვეყნისთვის სამწუხარო რეალობა შეიქმნა, როდესაც საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, კანდიდატის სტატუსს და მთავრობა არა. მისი თქმით, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი.
„ახლა უკვე, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოთ, ხალხის მხარეს დადგებით, თუ მთავრობის მხარეს“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
„კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, დღეს პარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ძალიან საინტერესო იყო.
როგორც ჩარკვიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მას მკვეთრი მახვილები ჰქონდა, განსაკუთრებით, დასავლურ მიმართულებებზე საუბრისას.
პრეზიდენტის შეშფოთება იმაზე, რომ ჩვენ დასავლურ კურსს ვუხვევთ და, ზოგადად, ქართველი ხალხის არჩევანს გვერდს ვუვლით, სწორი კრიტიკაა, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოხსენება მოისმინეს.
დეპუტატმა თავის გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მიმართა. იაგო ხვიჩიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ბევრი ადამიანი დღეს ქვეყანაში უკანონო პატიმარია.
რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას მიმაწებოთ, ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთშორისო ვიზიტები, ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს და რა აღარ დამაბრალოთ, მაინც ვერ შეცვლით ჩემს მიზანს, ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად.
„უნდა გიპასუხოთ იმაზე, თუ რა გააკეთა პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპული მიზნისთვის და ხალხის ნების აღსასრულებლად.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად:
1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი;
2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი;
3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.
და რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას მიმაწებოთ, ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთშორისო ვიზიტები, ხან ეცადოთ და შემიზღუდოთ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს და, მოკლედ, რა აღარ დამაბრალოთ, მაინც ვერ შეცვლით ჩემს მიზანს და მეც ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.