მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ყარაბაღში ვითარება უკიდურესად დაძაბულია-ბაქომ სომხეთისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა

ყარაბაღში ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია. აზერბაიჯანმა ანტიტერორისტული ზომების მიღება გამოაცხადა. სტეფანაკერტში აფეთქებების ხმა ისმის. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ბაქომ სომხეთისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, აღდამის რეგიონთან, სადაც რუსული სამშვიდობო კონტინგენტია დროებით განლაგებული, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე ახორციელებენ ინტენსიურ იერიშს სხვადასხვა ტიპის იარაღიდან.

“მთავარი პრობლემა ის არის, რომ სომხეთის რესპუბლიკას ჯერ კიდევ ჰყავს 10 000 სამხედრო ყარაბაღში. სომხეთი აგრძელებს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ, ეს სრულიად საზიანოა რეგიონალური სამშვიდობო დღის წესრიგისთვის. დღეს სომხეთის სამხედრო რაზმებმა აზერბაიჯანის ხარაბას რაიონში აწარმოეს პროვოკაციული ტერორისტული მოქმედებები აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროების წინააღმდეგ, რის შედეგადაც პოლიციელები, მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ ნაღმის აფეთქების შედეგად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ კონტრტერორისტული მოქმედებების შედეგად მათი სამხედრო ინფრასტრუქტურა განეიტრალდება და სომხეთი ასევე შეწყვეტს თავის ტერიტორიულ პრეტენზიებს. ჩვენ გავაფრთხილეთ და გავუგზავნეთ სხვადასხვა ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობას, რომ აზერბაიჯანის განზრახვა მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალება იყო,” – აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი, ჰიკმეტ ჰაჯიევი.

ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტში აფეთქებებისა და განგაშის სიგნალის შესახებ წერს სომხური მედიაც. მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანმა სომეხი მებრძოლების მიმართულებით, პროვოკაციული ნაბიჯები განახორციელა, რის შედეგადაც დაშავდა 2 აზერბაიჯანელი სამხედრო. ევროკავშირი და მსოფლიო ლიდერები მხარეებს ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ოპერაციის მთავარი მიზანია სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ოპერაციაში ჩართვა.

“ამ ოპერაციის მთავარი მიზანია სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ოპერაციაში ჩართვა. უცნაური და დამაბნეველი იყო ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა ოფიციალურად აცნობა რუსეთის ფედერაციას ამ ოპერაციის დაწყების შესახებ. ეს არის აზერბაიჯანის ვერსია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსი პარტნიორებისგან ამ ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ჩვენ არ მიგვიღია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უპირველესად რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალებმა უნდა მიიღონ ზომები, ჩვენ ასევე ველით, რომ გაეროს უშიშროების საბჭოც იმოქმედებს,” – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

აზერბაიჯანმა ყარაბაღში, სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველსაყოფად, ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დაიწყო ადგილობრივი ანტიტერორისტული მოქმედებები სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველსაყოფად, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების ჩვენი ტერიტორიებიდან განიარაღებისა და გაყვანის, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალების მიზნით, ასევე ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის მშვიდობის, სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოებში ჩართული მშვიდობიანი მოსახლეობის და ჩვენი სამხედრო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში, ხორციელდება სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების საცეცხლე წერტილების, აგრეთვე საბრძოლო აქტივებისა და სამხედრო ობიექტების მწყობრიდან გამოყვანა მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით.

„ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები სამიზნეს არ წარმოადგენს. ხდება მხოლოდ სამხედრო სამიზნეების მწყობრიდან გამოყვანა“, – აცხადებენ უწყებაში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, გარკვეული ძალები სომხეთის ომში ჩათრევას ცდილობენ. მისი თქმით, ისინი არ მისცემენ საშუალებას არც შიდა და არც გარე ძალებს, სომხეთის სახელმწიფოებრიობა დარტყმის ქვეშ დააყენონ.

ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანის მიერ დაწყებული „ანტიტერორისტული ოპერაციის“ საპასუხოდ განაცხადა.

„აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის დაბომბვა დაიწყეს, პრაქტიკულად, მთელ ტერიტორიაზე, ასევე გარკვეული დროის წინ დაიწყეს ოპერაცია მთიანი ყარაბაღის შეხების ხაზის გასარღვევად და პოზიციების, გარკვეული მონაცემებით, მთიანი ყარაბაღის დასახლებული პუნქტების ასაღებად.

აზერბაიჯანმა დაიწყო სახმელეთო ოპერაცია მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკური წმენდისთვის. სომხეთს არავისთვის მიუნიჭებია მანდატი მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის ჩასატარებლად. გარკვეული ძალები, როგორც შიდა, ისე გარე, სომხეთის ომში ჩართვას ცდილობენ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში არ არიან. მათ ეს არ გამოუვათ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, კერძოდ, ემოციური თვალსაზრისით, ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა გარკვეულ ძალებს, არც შიდას და არც გარეს, სომხეთის სახელმწიფოებრიობა დარტყმის ქვეშ დააყენონ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სანგრების რაოდენობის გაზრდა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული
ოფიციალური ბაქოს განცხადებით, აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა სომხური შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ, ბოლო თვეებში დაძაბულობის კიდევ უფრო გაზრდის მიზეზი გახდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით ღონისძიებების ფარგლებში ფრონტის ხაზზე და სიღრმეში ზეზუსტი იარაღის გამოყენებით მწყობრიდან გამოდის სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების პოზიციები, მათი საცეცხლე წერტილები, ასევე საბრძოლო მასალები და საბრძოლო დანიშნულების ობიექტები.

თავის მხრივ, ოფიციალური ერევანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ასკერანის რაიონში სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია, სრული სიცრუეა და რეალობას არ შეესაბამება. როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, აზერბაიჯანულმა მხარემ თავად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მითითებული მიმართულებით.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.

„ისევე როგორც წარსულში, აზერბაიჯანის ოფიციალურ ანგარიშებსა და მასმედიაში კვლავ ჩნდება ცრუ მტკიცება, რომ მთიან ყარაბაღში არიან სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, სამხედრო ტექნიკა და პერსონალი. სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ და ახლაც განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკას არ ჰყავს ჯარი მთიან ყარაბაღში“, – აღნიშნულია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში “ანტიტერორისტულ ღონისძიებებს” იწყებდა და ტერიტორიის დაბომბა დაიწყო. ბაქოში ამტკიცებენ, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ. აზერბაიჯანი ყარაბაღიდან სომხეთის ჯარების გაყვანას და რეგიონში “რეჟიმის შეცვლას” მოითხოვს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის ქმედებები “მასშტაბურ აგრესიად” შეაფასა. ერევანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომეხი სამხედრო პერსონალი არ იმყოფება და მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს და რუს სამშვიდობოებს მიიღონ ზომები საომარი მოქმედებების შესაჩერებლად.

მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტი იმყოფება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ “სიტუაციის გამწვავების” მიუხედავად მშვიდობისმყოფელები “აგრძელებენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას”. ბაქოში აღნიშნეს, რომ მათ აცნობეს მოსკოვს ოპერაციის შესახებ.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა დიალოგი დაიწყოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button