ოკუპირებული ცხინვალის გავლით რუსეთი ჩრდილოეთ კორეას მსოფლიო საბანკო ქსელთან დაკავშირებაში ეხმარება სანაცვლოდ კი შეიარაღებას იღებს

რუსეთმა საბრძოლო მასალის სანაცვლოდ მსოფლიო საფინანსო სისტემაზე წვდომის საშუალება მისცა ჩრდილოეთ კორეას. ამასთან, განბლოკა გაეროს მიერ სანქცირებული ჩრდილოეთკორეული აქტივების ნაწილიThe New York Times-ის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის გავლით რუსეთი ჩრდილოეთ კორეას შესაძლოა მსოფლიო საბანკო ქსელთან დაკავშირებაში ეხმარება, სანაცვლოდ კი შეიარაღებას იღებს.
გასულ თვეში, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჩრდ. კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტები და 2,5 მილიონი ვაზნა გაუგზავნა და სანაცვლოდ სამხედრო ტექნიკა მოითხოვა.
უცნობია, მიაწოდა თუ არა რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას სამხედრო ტექნიკა.
დაზვერვის წარმომადგენლების ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის გაყინული $30-მილიონიანი აქტივიდან რუსეთმა $9 მილიონი განბლოკა, რომლებიც რუსულ საფინანსო უწყებებში ინახებოდა. ამ ფულს, როგორც ისინი ამბობენ, ფხენიანი ნედლი ნავთობის შესაძენად გამოიყენებს.
დაზვერვაზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ ჩრდილოეთ კორეულმა ფასადურმა კომპანიამ სხვა რუსულ ბანკში ანგარიში გახსნა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი ფხენიანს შესაძლოა გაეროს სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარება. NYT წერს, რომ ეს ანგარიში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გაიხსნა.
„დელიკატურ სადაზვერვო ინფორმაციაზე ანონიმურობის პირობით მოსაუბრე ოფიციალური პირების თქმით, ახალი საბანკო ანგარიში გაიხსნა სამხრეთ ოსეთში, თვითგამოცხადებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოში კავკასიის რეგიონში, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები აქვს რუსეთთან“, – ნათქვამია სტატიაში.
სავარაუდოდ, საუბარია 2015 წელს ცხინვალში დაარსებულ „საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკზე“(MRB Bank), რომელზეც გავრცელდა ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტით რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები.
„საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკმა“ ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში” ფუნქციონირება 2018 წელს დაიწყო. მაშინ პოლიტოლოგები და ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ რუსეთი ცხინვალის ბანკის მეშვეობით, სანქციების გვერდის ავლით ახორციელებს ანგარიშსწორებას.
“ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ფინანსური ნაკადები აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ ტერიტორიებზე მიემართება ცხინვალიდან, სტალინის ქუჩიდან, სადაც „საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკის“ ოფისია განთავსებული. მისი მეშვეობით ცხინვალში რეგისტრირებულმა 146-მა შპს-მ ხელი შეუწყო რუსეთის ვაჭრობას ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტულ ჯგუფებთან.
2023 წლის ოქტომბერში თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს იარაღის პარტია მიაწოდა. თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც, სავარაუდოდ, ასახავდა საბრძოლო მასალის გადაზიდვას ჩრდილოეთ კორეის საწყობიდან. რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი, იარაღით დატვირთული გემი რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე მდებარე საწყობში გაიგზავნა. ვაშინგტონის ცნობით, მიწოდება 7 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდა.
სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობით, ჩრდილოეთმა კორეამ სამ თვეში მილიონი საარტილერიო ჭურვი გაგზავნა რუსეთში.
იანვარში კირბიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ ახლახან მიაწოდა რუსეთს ტაქტიკური სარაკეტო სისტემები და ბალისტიკური რაკეტები უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, რუსეთმა რაკეტები 30 დეკემბერს და 2 იანვარს მასირებული დარტყმების დროს გამოიყენა.
გაეროს უშიშროების საბჭოს შვიდმა წევრმა ქვეყანამ რუსეთი ფხენიანთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ემბარგოს დარღვევაში დაადანაშაულა.
2022 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს კენჭისყრაზე რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს აშშ-ის წინადადებას ჩრდილოეთ კორეის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ, ბალისტიკური რაკეტების გაშვების განახლების გამო.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2023 წელს განაცხადა, რომ რუსეთი არ მიიღებს ახალ სანქციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი „ინარჩუნებს თავის პოზიციას გაეროს უშიშროების საბჭოში“, ანუ მხარს უჭერს გარკვეული სანქციების მოქმედებას ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. პესკოვის თქმით, ეს დაბრკოლებად არ უნდა იქცეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთქმედებაში.
ბირთვული იარაღის გამოცდის პასუხად, გაერომ და აშშ-მა ჩრდილოეთ კორეას სანქციები დაუწესა, მათ შორის საბანკო სექტორთან დაკავშირებული.