მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელის მეგობარმა ქვეყბნებმა ირანის თავდასხმა ისრაელზე დაგმეს

14 აპრილს ევროპის დროით დაახლოებით 1.45 საათიდან ისრაელში დაიწყო საჰაერო განგაშის მაუწყებელი სირენების ხმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ მკაცრად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე.
ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მომდევნო საათებისა და დღეების განმავლობაში კონსულტაციებს გამართავს.
“აშშ უმკაცრესად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვსურს ესკალაცია, გავაგრძელებთ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერას და როგორც პრეზიდენტმა ცხადყო, დავიცავთ აშშ-ის პერსონალს”, – ამბობს ბლინკენი.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელის წინააღმდეგ ირანის უპრეცედენტო თავდასხმას გობს და მხარეებს წინდახედულობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
”მკაცრად ვგმობ ირანის აშკარა და გაუმართლებელ თავდასხმას ისრაელზე. მოვუწოდებ ირანს და მის მარიონეტებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს თავდასხმები”, – წერს ფონ დერ ლაიენი X-ზე.
მისი თქმით, ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს შემდგომი ესკალაციისგან და უნდა იმოქმედოს რეგიონში სტაბილურობის აღსადგენად.

“მკაცრად ვგმობ ირანის რეჟიმის დაუფიქრებელ თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ,” – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი.
რიში სუნაკის თქმით, დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ისრაელისა და ბრიტანეთის რეგიონული პარტნიორების, მათ შორის, იორდანიისა და ერაყის უსაფრთხოების დაცვას.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ირანის ისრაელზე თავდასხმას გამოეხმაურა და შეაქო ისრაელი თავდასხმის მოგერიებისთვის.
ამასთან, სიკორსკიმ მოუწოდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მხარი დაუჭიროს ისრაელისა და უკრაინის დახმარების კანონპროექტს.
„ბრავო ისრაელს ირანის უზარმაზარი საჰაერო თავდასხმის მოგერიებისთვის, რომელიც კოორდინირებული იყო რამდენიმე მიმართულებით. ისრაელის ანტისარაკეტო თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს და მსგავსი თავდაცვის საშუალებები უნდა გაიგზავნოს უკრაინაში. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერო, მაიკ ჯონსონ, გთხოვთ, პალატამ მხარი დაუჭიროს ისრაელისა და უკრაინის დახმარების კანონპროექტს“, – წერს სიკორსკი.

CNN-ს ცნობით, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მკაცრად დაგმო ირანის ფართომასშტაბიანი თავდასხმა ისრაელზე.
“მკაცრად ვგმობ სერიოზულ ესკალაციას, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ისრაელზე ამ საღამოს განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმა წარმოადგენს. მოვუწოდებ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. ღრმად შეშფოთებული ვარ რეგიონის მასშტაბით გამანადგურებელი ესკალაციის ძალიან რეალური საფრთხით. მოვუწოდებ ყველა მხარეს, მიმართონ მაქსიმალურ თავშეკავებას, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ფრონტზე დიდ სამხედრო კონფრონტაციებამდე მიყვანა შეუძლია. არაერთხელ მითქვამს, რომ არც რეგიონს და არც მსოფლიოს არ შეუძლია კიდევ ერთი ომი დაუშვას,” – ამბობს გუტერეში.
The Times of Israel-ის ცნობით კი, ისრაელის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს. სხდომა ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ჩაინიშნა.
უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარების მოთხონით, საბჭოს პრეზიდენტს წერილი გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა გაუგზავნა. წერილში ერდანმა საბჭოს სთხოვა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს.
ცნობისთვის, მანამდე გაერო-ში ირანის მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ლეგიტიმური თავდაცვის შესახებ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში, დიპლომატიურ შენობებზე თავდასხმაზე და “საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს.”

კანადა ისრაელის გვერდით დგას, ირანის თავდასხმა აჩვენებს ირანის რეჟიმის მიერ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უგულებელყოფას, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.
„კანადა ცალსახად გმობს ირანის საჰაერო თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით. ირანის უახლესი ქმედებები რეგიონში დესტაბილიზაციას მოახდენს და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას კიდევ უფრო გაართულებს. მხარს ვუჭერთ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი ამ თავდასხმებისგან“, – აღნიშნა ტრუდომ.
ამასთან, ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა აგრძელებს სიტუაციის „მჭიდრო მონიტორინგს“ და რჩება „კონტაქტში მოკავშირეებთან“.

ირანის უპრეცედენტო დარტყმა ისრაელზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით არის მნიშვნელოვანი ესკალაცია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს.
„ეს შეიძლება, გახდეს ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ქაოსის გაღვივების მიზეზი. ევროკავშირი უმკაცრესად გმობს თავდასხმას და გააგრძელებს მუშაობას დეესკალაციისა და უფრო მეტი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელზე ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მკაცრად გმობს ამ იერიშებს.
ბაიდენმა თქვა, რომ გასული კვირის განმავლობაში აშშ-ის სამხედროებმა რეგიონში საჰაერო ხომალდები და ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გამანადგურებლები განალაგეს, რომლის დახმარებითაც დაეხმარნენ ისრაელს “ჩამოეგდო თითქმის ყველა შემომავალი დრონი და რაკეტა.”
“მე ახლახან ველაპარაკე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. მე ვუთხარი მას, რომ ისრაელმა გამოავლინა შესანიშნავი უნარი, თავი დაეცვა და მოეგერიებინა თუნდაც უპრეცედენტო თავდასხმები – მკაფიო მესიჯი გაუგზავნა თავის მტრებს, რომ მათ არ შეუძლიათ მკვეთრი საფრთხე შეუქმნან ისრაელის უსაფრთხოებას”, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ირანის თავდასხმასთან დაკავშირებით იგი G7-ის ლიდერებს მოიწვევს, რათა შემუშავდეს ერთიანი დიპლომატიური პასუხი.
მან ასევე დასძინა, რომ ვაშინგტონი მჭიდრო კავშირში იქნება ისრაელის ლიდერებთან და “იქნებიან ფხიზლად ყველა შესაძლო საფრთხის მიმართ.”

ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმა მთლიანი რეგიონის ქაოსში გადაშვების რისკს ქმნის, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
„ირანმა დრონები და რაკეტები გაუშვა ისრაელისკენ. მკაცრად ვგმობთ მიმდინარე თავდასხმას, რომელსაც მთლიანი რეგიონის ქაოსში გადაშვება შეუძლია. ირანმა და მისმა მარიონეტებმა ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ. ასეთ დროს ჩვენ მყარად ვდგავართ ისრაელთან,” – წერს ბერბოკი.

ცნობისთვის ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანის მიერ ღამით ისრაელის მიმართულებით გაშვებული 300 სხვადასხვა სახის დრონებისა და რაკეტების 99% საჰაერო თავდაცვამ შეაჩერა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიღწევა“, – განაცხადა ჰაგარიმ.
მისივე თქმით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 170 დრონი გაუშვა და არცერთი მათგანი არ შესულა ისრაელის საჰაერო სივრცეში, ისრაელმა და მისმა მოკავშირეებმა ყველა მათგანი ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ ჩამოაგდეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა აღნიშნა, რომ, ამასთან ერთად, ირანმა ისრაელის მიმართულებით 30 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ისრაელის საჰაერო სივრცემდე ვერ მიაღწია, 25-ის ჩამოგდება ისრაელმა მოახერხა.
გარდა ამისა, ჰაგარის თქმით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 120 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა, ბევრი მათგანი ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის სისტემით Arrow, თუმცა ზოგიერთმა რაკეტამ მოახერხა ისრაელის თავდაცვის გვერდის ავლა და დაარტყა სამხრეთ ისრაელში მდებარე ნევატიმის საჰაერო ბაზას.
„ირანი ფიქრობდა, რომ შეძლებდა ბაზის პარალიზებას და ამით ჩვენი საჰაერო შესაძლებლობების დაზიანებას, მაგრამ ვერ შეძლო. საჰაერო ძალების თვითმფრინავები აგრძელებენ აფრენას და დაშვებას ბაზიდან, თავდასხმისა და თავდაცვის მისიებისთვის“, – აღნიშნა ჰაგარიმ.

14 აპრილს ევროპის დროით დაახლოებით 1.45 საათიდან ისრაელში დაიწყო საჰაერო განგაშის მაუწყებელი სირენების ხმა. ირანიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები ისრაელის საჰაერო სივრცეში შევიდნენ.

ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ უკვე ჩამოაგდო საჰაერო აპარატები, კერძოდ, იერუსალიმის თავზე.

ისრაელელი ბლოგერები და ანალიტიკოსები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ჰაერში ცეცხლწაკიდებული დრონების ვიდეობს. ირანის მხრიდან შესაძლო საავიაციო იერიშების შესახებ ბოლო დღეებში უამრავი მედიასაშუალება წერდა. ამის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირანი სერიოზულად გააფრთხილა.

მსგავსი პოსტები

Back to top button