მნიშვნელოვანისიახლეები

“ბათუმელების” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებითაა დაკავებული

გამომძიებლის ცნობით, გამოცემა ბათუმელების ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.- ინფორმაცია თავდაპირველად ბათუმელებმა გაავრცელა გამომძიებლის მიერ დაკავებულის ოჯახისთვის მიწოდებული ცნობებზე დაყრდნობით, რამდენიმე წუთში კი ადვოკატებმაც დაადასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში რჩება კიდევ 8 პირი, რომლებსაც სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. პირველად იგი დააკავეს სტიკერის გაკვრის გამო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა მალევე ხელახლა დააკავეს.
ხმაური და დაპირისპირება კი სამხარეო ადმინისტრაციასთან გვიან ღამით დაიწყო, აქციის მონაწილეები მსვლელობის დროს დაკავებული ერთ-ერთი პირის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ამ დროს, სამართალდამცველებმა 10 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია, ასევე პარტია “გახარია საქართველოსთვის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, მათე ცენტერაძე და “ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი.

შეხვედრიდან გამოსულმა ადვოკატებმა დაადასტურეს, რომ გამოძიება დაწყებულია 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა ოფიციალურად მას ბრალი წარდგენილი არ აქვს. ადვოკატებისთვის საქმის მასალები გამოძიებას ჯერ არ გადაუცია.

მზია ამაღლობელს ბრალი უახლოეს 48 საათში უნდა წარუდგინონ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამაღლობელი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. ბათუმელების დირექტორმა მას განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი არასათანადო მოპყრობას ჰქონდა.

“ბათუმელების” ცნობით, როდესაც ამაღლობელი პირველი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, ჭყლეტაში მოხვდა და ხელზე ტკივილი იგრძნო. როგორც თავად ყვება, ხელის გათავისუფლების მიზნით, ხელი ძლიერად აიქნია და უნებურად მოარტყა პოლიციელს, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღმოჩნდა ბათუმის პოლიციის უფროსი, რომელმაც ის მყისიერად, თავადვე დააკავა.

როგორც მზია ამაღლობელი აღნიშნავს, არასათანადო მოპყრობა განხორციელდა სწორედ პოლიციის უფროსის მხრიდან.
მზია ამაღლობელთან დაკავების შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში არ ეძლეოდათ შესვლის შესაძლებლობა ადვოკატებს – საბოლოოდ მასთან უფლებადამცველები 12 იანვრის 3:30 საათისთვის შევიდნენ. ადვოკატებმა წინასწარი დაკავების იზოლატორში მისი მონახულების შემდეგ თქვეს რომ მზია ამაღლობელს, რომელიც ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს, ბათუმში მდებარე იზოლატორში დატოვებენ და სავარაუდოდ ორ დღეში ბრალსაც წაუყენებენ. მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს საპროტესტო აქციაზე პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს, დაკავებიდან ორ საათში გამოუშვეს და გამოშვებიდან მალევე კიდევ ერთხელ დააკავეს.

11 იანვრის ღამეს ბათუმში 12 ადამიანი დააკავეს. მათი ნაწილი დაკავების შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button