კალაძე “ფრონტერას” ადანაშაულებს
პასუხის პასუხი – კახა კალაძე “ფრონტერას” სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულების თავიდან არიდების მცდელობაში ადანაშაულებს.
მინისტრი “ფრონტერას” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.
“გაკვირვება უნდა გამოვთქვა იმ მცდელობაზე და ბუნდოვან მიზანზე, რასაც ისახავდა ჩემდამი მომართული ღია წერილი, შთაბეჭდილება, თითქოს ენერგეტიკის სამინისტრო და პირადად მე რაიმე სახით ვზღუდავთ თქვენს კერძო კომპანიას.
წერილის თითოეულ აბზაცში ფაქტების დამახინჯებით ცდილობთ წარმოაჩინოთ, თითქოს ჩემი კომენტარი მიმართულია ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის საპირისპიროდ, მაშინ როდესაც, ამ ანგარიშის საქართველოსთან დაკავშირებულ ნაწილში საკმაოდ მკაფიოდ არის აღნიშნული „აღმოჩენის“ პირობითობა.
თქვენ კი ბატონებო, არაერთგზის დაჟინებით ცდილობთ მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკზე რესურსების არსებობის ალბათობა მარაგების აღმოჩენის შემდგარ ფაქტად წარმოადგინოთ.
კიდევ ერთხელ და ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ თქვენს კომპანიას არ გაუკეთებია ოფიციალური განაცხადი აღმოჩენის შესახებ. მეტიც, თითოეული ბარელი ნავთობი და თითოეული კუბური მეტრი გაზი, რომელსაც აწარმოებს თქვენი კომპანია მოიპოვება იმ ფორმაციებიდან, რომლებშიც ნავთობის და გაზის არსებობა თქვენი კომპანიის საქართველოში შემოსვლამდე დიდი ხნით ადრე იყო დადგენილი, ხოლო ახალი რესურსების ათვისების არავითარი გეგმა თქვენს კომპანიას სახელმწიფოსთვის არ წარმოუდგენია.
ხასგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული თითოეული ცენტის ინვესტიცია თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენ მზად ვართ გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ ყველა კეთილსინდისიერ ინვესტორს”, – ნათქვამია კალაძის განცხადებაში.