“ცენტრ-პოინტის” საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

“ცენტრ-პოინტის” საქმეზე ბრალდებულებს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ.
მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.
მოსამართლემ, აღნიშნული გადაწყვეტილებით სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა და “ცენტრ-პოინტის” საქმეზე ბრალდებულ ოთხივე პირს: მაია და გუკა რჩეულიშვილებს, ასევე სალომე ჩარკვიანს და ირაკლი მინდელს პატიმრობა შეეფარდაათ.
გამოძიება ლაპარაკობს ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე, რომელიც დიდი ოდენობით სხვისი ქონების – მილიონების – გაფლანგვასა და მითვისებას უკავშირდება.
ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი მთავარმა პროკურატურამ 10 ივლისს დააკავა და სისხლის სამართლებრივი დევნა გამოაცხადა კიდევ ორი პირის – „ცენტრ პოინტ ჯგუფის“დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ (გუკა) რჩეულიშვილის – წინააღმდეგ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის ფარგლებში, დამნაშავეებმა სხვადასხვა დროს 20 მილიონ ლარზე მეტი მიითვისეს და გაფლანგეს. შედეგად, კომპანიამ ვეღარ უზრუნველყო ობიექტების მშენებლობა ბათუმში, პუშკინისა და ბაგრატიონის ქუჩებზე, და არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები საცხოვრებელი კომპლექსის, „თეთრი მაგნოლიის“, მენაშენეების მიმართ, „რის გამოც მოქალაქეებმა განიცადეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი“.