Hereti FM

საქართველოს პატრიარქი დახმარებას რუსეთის პატრიარქს სთხოვს

67

ცხინვალის ციხეში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მშობლები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ.

მათი შეხვედრა ილია მეორესთან 1 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.

პატრიარქმა ოჯახი დალოცა და გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი ლოცვა წაიკითხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით დახმარებას საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს სთხოვს – სპეციალური წერილის გაგზავნასთან დაკავშირებით განკარგულება ილია მეორემ უკვე გასცა.

“კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს რუსეთის პატრიარქს, რათა მან გაწიოს შუამდგომლობა სათანადო ორგანოებთან და გამოიყენებს სხვა საშუალებებსაც ტატუნაშვილების ოჯახის დასახმარებლად”, -ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი იმყოფებოდა სოფელ წილკანში, სადაც პირადად მიუსამძიმრა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ოჯახს გააცნო ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა დგამს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და იყენებს ყველა ინსტრუმენტს იმისათვის, რომ უმოკლეს დროში მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება.

„რაც მოხდა, არის უდიდესი ტრაგედია და ძალიან ვერაგული ქმედება ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ. ყველაფერი არის გამიზნული იმისათვის, რომ ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვდგამდით, იქნას დისკრედიტირებული. საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც დღემდე ვახორციელებდით და რისი შედეგიც იქნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ამას წინ ვერაფერი დაუდგება და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. ეს არის ჩემი სიტყვა“ – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა.

რადიო ჰერეთი