მნიშვნელოვანი

რუსთაველის ქუჩაზე დაძაბულობაა – კონტრაქციის მონაწილეები აქციაზე შეჭრას ცდილობენ

რუსთაველის გამზირზე, „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე შეჭრას კონტრაქციის მონაწილეები ცდილობენ. სამართალდამცველებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის, სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, შედეგად, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის თავმჯდომარე გიორგი გაბედავა.

ადგილზე მივიდა ქართული მარშის წევრი სანდრო ბრეგაძე. მან სოლიდარობა გამოუცხადა დაკავებულებს და ხვალ, 6 საათზე ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა დააანონსა.

,,რუსთაველის მოედანი ნარკო მოვაჭრეების და სოდომისტების ოკუპაციის ქვეშაა. ხვალ გაერთიანებული ეროვნული ძალები ფილარმონიასთან შეიკრიბება და დაიძრება პარლამენტის შენობისკენ და აქ ვიდგებით 17 მაისს“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

კონტრაქციის მონაწილეები ორ ლოკაციაზე – პირველი გიმნაზიის მხარეს და მოსწავლე ახალგაზრდობის შენობის მიმდებარედ არიან შეკრებილები. ორივე მხრიდან, კონტრაქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობამდე მისვლის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ.

საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის წარმომადგენლებმა დღეს ე.წ. სამოქალქო გვარდია შექმნეს და მთელი დღის მანძილზე, მსურველებს აწევრიანებდნენ.

ადგილზე სამართალდამცველების გაძლიერებული შემადგენლობაა მობილიზებული.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button