მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატზე კონსულტაციები განახლდება

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას სთავაზობს, სახალხო დამცველის პოსტზე პარლამენტმა გადაწყვეტილება 5 კანდიდატს შორის მიიღოს. ამის შესახებ ოპოზიციის და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების შემდეგ გახდა ცნობილი.

“ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის პოსტზე ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ანა აბაშიძისა და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურებს მხარს არ უჭერს.

მმართველი გუნდის შეთავაზებაა პარლამენტმა გადაწყვეტილება შემდეგ ხუთ კანდიდატს: – ლელა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის მიიღოს.

როგორც ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, სახალხო დამცველის პოსტზე ოპოზიციის მიერ დასახელებული ორი კანდიდატი მიუღებელია არა მხოლოდ პერსონალურად “ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის, არამედ „ჩვენი ამომრჩევლისთვის – იმის თქმა, რომ ისინი მიუკერძოებელი კანდიდატები არიან, ვერც ერთი ლოგიკით ახსნილი და გამართლებული ვერ იქნება!“.

სარჯველაძის შეფასებით, “იმის მიუხედავად, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ დევს საპირწონედ, “როგორც ჩანს, ოპოზიციას განზრახული აქვს ულტიმატუმს არ გადაუხვიოს“.

“კანდიდატები, რომელიც ოპოზიციამ დაასახელა, მათი არჩევანი კი არა, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დასახელებული კანდიდატებია. როგორც ჩანს, ოპოზიცია ამ კანდიდატების მიღმა დათმობას არ აპირებს. ჩვენი მხრიდან დათმობა ის მოდელი იყო, რომელიც თავდაპირველად შევთავაზეთ, რომ წარმოედგინათ კანდიდატები რომელთაგან არჩევანს გავაკეთებდით და არჩევანის მიხედვით გადაწყვეტილებას მივიღებდით. მხარე, რომელსაც ამ შემთხვევაში ულტიმატუმისგან გადახვევა და შედარებით უფრო მოქნილი პირობის შემოთავაზება მოეთხოვებოდა, რა თქმა უნდა, ოპოზიცია იყო.

ამის იქით კონსულტაციის გაგრძელება, აზრის არ მქონეა – არ ვიცი, რამდენად ლოგიკური იქნება დროის გასვლას ველოდებოდეთ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან მიხეილ სარჯველაძე.

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პროცესის ჩავარდნის საფრთხე არსებობს. დეპუტატმა მიზეზად დაასახელა ის, რომ ოპოზიციისთვის მიუღებელია მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები, ხოლო, „ქართული ოცნება” მიიჩნევს, რომ კანდიდატები, რომლებსაც ოპოზიცია ემხრობა, პოლიტიკურად მიუკერძოებლები არ არიან.

„გამორიცხვის მეთოდით დატოვებული რვა კანდიდატიდან, რომელიც წინა შემთხვევაში ჩვენ მიერ იყო დასახელებული, ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ რომელიმე მათგანისთვის მაინც დაეჭირათ მხარი. ჩვენი მხრიდან იყო კომპრომისი დაშვებული იმასთან დაკავშირებით, რომ ამოერჩიათ ხუთი კანდიდატიდან [ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა] ერთი, რომელიც მათ ნებავდათ. თუმცა მათი კატეგორიული პოზიცია გახლავთ ის, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ორი კანდიდატის [გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე] გარდა, ისინი მხარს არ დაუჭერენ სხვა კანდიდატს. ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილი, ერთ-ერთი მთავარი, ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, სხვა დანარჩენ არგუმენტებს, არის პოლიტიკური მიუკერძოებლობა. ვიცით, რომ მათ მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ამის შესაძლებლობა არის გამორიცხული, მათ შორის, გარკვეული უხერხული მომენტი არსებობს კოლეგის, იაგო ხვიჩიას მიმართაც, თუმცა პოლიტიკური პარტიის ლიდერი ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რომ მოახერხებს მომავალში, არჩევის შემთხვევაში პოლიტიკურ მიუკერძოებლობას. აქედან გამომდინარე, დარჩა ხუთი კანდიდატი, სადაც ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მიუკერძოებლობის მეტ-ნაკლები გარანტია. ჩვენ შევთავაზეთ, ამ ხუთიდან ერთ-ერთი ამოერჩიათ, ამაზე ჩვენ დღეს წინა შეხვედრიდან გამომდინარე და პასუხად, დადებითი შედეგი ვერ მივიღეთ. ამიტომ, გვრჩება იმედი, თეორიულ შანსს ვხედავ მე პირადად, რომ კიდევ ერთხელ გადააფასონ მოვლენები, კიდევ ერთხელ წინ დააყენონ ევრორეკომენდაციების შესრულების უპირატესი, საქვეყნო, სახელმწიფოებრივი ინტერესი და იქნებ შეცვლილი პოზიციით დაბრუნდნენ. თუ ეს არ მოხდება, მაშინ, რა თქმა უნდა, არსებობს საფრთხე [პროცესის] ჩავარდნის. შემდეგ კიდევ გვეყოლება ახალი კანდიდატები მოსაძებნი, ახალი პროცესი და ა.შ.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატები ოპოზიციიდან პროცესის ჩავარდნის საფრთხეს რეალურად მიიჩნევენ. „თუ სახელისუფლებო პარტია თავის პოზიციას არ შეცვლის, ასეთი საფრთხე იქნება“, – აღნიშნა შეხვედრის შემდეგ დეპუტატმა „ლელო”-დან ანა ნაცვლიშვილმა. როგორც მან თქვა, „რამდენიმე დღე რჩება და შესაძლებელია, მმართველმა პარტიამ თავისი პოზიცია ქვეყნის ინტერესს დაუქვემდებაროს“.

ნაცვლიშვილმა დაამატა: „ამ დრომდე ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტირებული დასაბუთება, რატომაა მიუღებელი ეს ორი კანდიდატი, რომელიც მაღალკვალიფიციურია და რომელთაც ძალიან მაღალი შეფასება მისცა თავად „ქართული ოცნების“ შემფასებელმა კომისიამ, სამოქალაქო სექტორმა. გაუგებარია, რატომ არის ეს ხალხი მიუღებელი მაშინ, როდესაც მათ ირგვლივ მაღალი კონსენსუსია ოპოზიციაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, ექსპერტულ წრეებში და მათ აქვთ ყველა ის მონაცემი, რაც სჭირდება სახალხო დამცველს“.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”-ს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე შეთანხმება არ არსებობს – საერთო კანდიდატზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა. მისი თქმით, ოპოზიციის მიერ მმართველი გუნდისთვის შეთავაზებული იყო მხოლოდ ორი კანდიდატი – ანა აბაშიძე და გიორგი ბურჯანაძე, ხოლო „ქართულმა ოცნებამ” ამ ორი კანდიდატისთვის ხმის მიცემა გამორიცხა და ოპოზიციას არჩევანის გაკეთება სხვა ხუთ კანდიდატს შორის შესთავაზა.

„ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ამ ხუთი კანდიდატიდან არც ერთს ვემხრობით. ჩვენი მხარდაჭერა ჩვენ მიერ წარდგენილ კანდიდატებს ექნებათ.

პროფესიული თვისებებით, პროფესიონალიზმით და სტანდარტებით ბურჯანაძე და აბაშიძე იმ ხუთეულიდან გამოირჩევიან, ვინც „ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა. კომისიამ, რომელიც შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით შეიქმნა, მათ უმაღლესი ქულები დაუწერა. ქართულ ოცნებას” მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტები აქვთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანის უფლებების დასაცავად მნიშვნელოვანია ამ ორი ადამიანის მიღწევები და მუშაობა”, – თქვა დეკანოიძემ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი პარტია „მოქალაქეებიდან” ლევან იოსელიანი საბოლოო გადაწყვეტილება კენჭისყრაზე იქნება მიღებული.

„დღევანდელი შეხვედრიდან გამომდინარე, ვერ დავინახე პერსპექტივა, რომ ახალი სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით საქმე შეთანხმებისკენ წავიდა, თუმცა კენჭისყრის მომენტში რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დაზღვეული არავინაა – შეიძლება ვიღაცის სასარგებლოდ 90 ხმა აღმოჩნდეს!” – თქვა იოსელიანმა.

შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, „მოქალაქეებმა“ ხმა იმ ხუთ კანდიდატს შორის რომელიმეს მისცეს, ვის არჩევასაც ოპოზიციას „ქართული ოცნება“ სთავაზობს და შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ ომბუდსმენის პოსტზე სასურველი კანდიდატის გაყვანა შეძლოს, იოსელიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მეშვეობით „ქართული ოცნება“ კანდიდატებს ვერ გაიყვანს, ხოლო მხარს ვის დაუჭერს და ვის არა, ეს კენჭისყრის დღეს გამოჩნდება.

სახალხო დამცველი სახელობით კენჭისყრაზე, 90 ხმით აირჩევა. მმართველ პარტიას ხმების საკმარისი რაოდენობა არ აქვს და მას კანდიდატის მხარდასაჭერად ოპოზიციასთან შეთანხმება სჭირდება.

ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა ეწურება 8 დეკემბერს ამოეწურა.

სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 25 ოქტომბერს დაიწყო და 4 ნოემბერს დასრულდა. მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ამოეწურა. ომბუდსმენის მოვალეობას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ასრულებს.

სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან პარლამენტისთვის წარდგენილ ყველა (19) კანდიდატს.

მსგავსი პოსტები

Back to top button