ჩეხეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს

ჩეხეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს, პატრიარქ კირილს, რომელიც მხარს უჭერდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მედია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პატრიარქი კირილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის მოკავშირეა, ხოლო ქადაგებებსა და საჯარო გამოსვლებში რელიგიური ნიშნით ამართლებს რუსულ აგრესიას.
“ის [კირილი] ისტორიული და რელიგიური თვალსაზრისით, უკრაინის ტერიტორიას რუსეთის შემადგენლობაში თვლის. ამიტომ ყველას, ვინც რუსეთისა და უკრაინის ერთიანობის წინააღმდეგ იბრძვის, “ბოროტების ძალებს” უწოდებს.
მაშასადამე, პატრიარქი კირილი აცხადებს, რომ უკრაინაში აგრესია არის “მეტაფიზიკური განზომილების ბრძოლა” “უკრაინის სულიერი წმენდისა” და “კაცობრიობის გადარჩენისთვის”. ასევე, პატრიარქმა კირილმა არაერთხელ დალოცა რუსი ჯარისკაცები და ის მხარს უჭერს მათ ქმედებებს – არწმუნებს, რომ სწორი მიმართულებით მიდიან”, – წერია განცხადებაში.
რუსეთის პატრიარქი კირილი პირველი ადამიანია, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკამ სანქციების სიაში შეიყვანა. სანქციები ითვალისწინებს ჩეხეთის რესპუბლიკაში შესვლისა და იურიდიული პირების მეშვეობით რაიმე ფინანსური ტრანზაქციის აკრძალვას ან ქვეყანაში არსებული ნებისმიერი აქტივის გაყინვას.