მნიშვნელოვანისაქართველო

საქართველოს ბანკის კიდევ ერთი დაზარალებული

რადიო ,,თბილისისა” და ,,ჰერეთის” ეთერში 27 მაისს გასული გადაცემა ,,ბიზნესრევიუს” შემდეგ, სადაც ჰაკერების მიერ, ,,საქართველოს ბანკის” VIP-კლიენტების მასობრივი ძარცვაზე იყო საუბარი, ყოველდღიურად გვიკავშირდებიან ინტერნეტმომხმარებლები და ამ ბანკთან ურთიერთობის საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ. ჩვენ მათ ისტორიებს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

კიდევ ერთი მომხმარებელი, რომელიც საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის პროცესში დაზარალდა, ქალაქ ჭიათურაში მცხოვრები თამუნა წერეთელია – ის გვიყვება, რომ 2019 წლის 23 მარტს, საქართველოს ბანკიდან კრედიტი აიღო, თუმცა აღნიშნული თანხის სრულად გამოტანა ვერ მოასწრო, რადგან მეორე დღეს, 24 მარტს, მისი ანგარიშიდან 6500 ლარი მოიჭრა, ოპერაციის განხორციელების შესახებ კი, sms არ მიუღია.

როგორც დაზარალებულს საქართველოს ბანკში განუცხადეს, გადახდის ოპერაცია ინტერნეტბანკის საშუალებით, 24 მარტს, 19:30 საათზე დაფიქსირდა და თანხა, კრისტალბეთზე გადაირიცხა ვინმე ,,ზიტა მეჰმედას” ანგარიშზე. ასევე გაირკვა, რომ თამუნა წერეთლის სახელფასო ანგარიშიდან მთელი წლის განმავლობაში, ღამის საათებში ირიცხებოდა თანხები ,,ბოროტა-ბოროტას“ სახელით რეგისტრირებული მომხმარებლის სახელზე, თუმცა თანხების მოცულობა 10 ლარს არ სცდებოდა და აბონენტისთვის აღნიშნულის შესახებ უცნობი იყო, რადგან ტრანსაქციების დროს შეტყობინების მიღების ფუნქცია გათიშული აღმოაჩნდა. დაზარალებულს ბანკში ურჩიეს, სამართალდამცავებისთვის მიემართა.

,,აღნიშნული ინციდენტის დამატებითი დეტალების გარკვევა სცდება ბანკის კომპეტენციას“ – წერია დაზარალებულისთვის საქართველოს ბანკის მიერ გაგზავნილ განცხადებაში.

მოისმინეთ თამუნა წერეთელის ხმა:

შს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და 284-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით დაიწყო კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის შედეგად, სახელფასო ანგარიშიდან ფულადი თანხის ქურდობის ფაქტზე. გამოძიება ასევე დაიწყო თბილისში, საქართველოს ბანკის ინიციატივით, თუმცა აბონენტის თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს გამოძიება ბანკის ინტერესებს ემსახურება და არა დაზარალებულის.

თამუნა წერეთელი ამბობს, რომ საქართველოს ბანკს თხოვნით მიმართა, გამოძიების დასრულებამდე მისთვის სესხის პროცენტის გადახდა შეეჩერებინათ, თუმცა უარი მიიღო და 1 მაისს, იმ სესხის პროცენტის გადახდა მოუხდა, რომლითაც ვერ ისარგებლა.   

როგორც დაზარალებულმა ,,რადიო თბილისთან“ საუბარში აღნიშნა, ბარათი დაზღვეული ჰქონდა და ბანკს დაზღვევის თანხის ანაზღაურების თხოვნითაც მიმართა, თუმცა განუცხადეს, რომ გამოძიების დასრულებამდე, თანხას ვერ აუნაზღაურებდნენ.  გამოძიების ფარგლებში, თამუნა წერეთელი დაზარალებულად იქნა ცნობილი და ანგარიშზე 2005 ლარი დაუბრუნდა. როგორც დაზარალებული ამბობს, მისთვის გაურკვეველია, რის საფუძველზე ჩაირიცხა აღნიშნული თანხა ანგარიშზე, როცა ბანკში ეუბნებიან, რომ გამოძიების დასრულებამდე, ბანკი ბარათის დაზღვევის თანხის გადახდაზე უარს აცხადებს.

მოისმინეთ თამუნა წერეთლის ხმა:

მსგავსი პოსტები

Back to top button