მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი საქართველოშია

ბრიტანეთის ცნობით, საგარეო საქმეთა მდივანი გამოაცხადებს დამატებით დაფინანსებას, რაც საქართველოსთვის 2024 წლის არჩევნებზე უსაფრთხოების გაძლიერებას მოხმარდება

მოლდოვის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი საქართველოში იმყოფება.
ინფორმაციას საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი ავრცელებს. “კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში!” – წერს კლეიტონი ტვიტერზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა.

მხარეებმა ისაუბრეს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ.

ვიზიტის დროს ჯეიმს კლევერლი შეხვდება ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს და საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. ამასთან, ის ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

„მოუთმენლად ველოდები საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს კლევერლის ვიზიტს აქ, საქართველოში. ეს არის დიდი პატივი და პრივილეგია.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნის აღნიშნული ვიზიტი საქართველოში, პირველია 2016 წლის შემდეგ. ჩვენ გვაქვს მოკლე, მაგრამ ძალიან დატვირთული პროგრამა. მადლობას ვუხდი თითოეულ იმ ადამიანს ქართული მხრიდან, ვინც ჩართული იყო ამ ვიზიტის განხორციელების პროცესში“, – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა ვიზიტის თაობაზე, რომლის კომენტარსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

ბრიტანეთის ცნობით, საგარეო საქმეთა მდივანი საქართველოსა და მოლდოვაში ქვეყანაში ვიზიტისას გამოაცხადებს დამატებით დაფინანსებას, რაც მოლდოვაში ეკონომიკურ რეფორმებს, ხოლო საქართველოსთვის 2024 წლის არჩევნებზე უსაფრთხოების გაძლიერებას მოხმარდება.

ბრიტანეთი დამატებით 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს მოლდოვაში ეკონომიკისა და მმართველობის რეფორმების მხარდასაჭერად, ხოლო საქართველოში მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნების უსაფრთხოებისთვის 500 000 ფუნტს გამოყოფს.

ვიზიტამდე ბრიტანეთის საგარეო მდივანმა განაცხადა, რომ “გაერთიანებული სამეფო გვერდით არ გადგება, სანამ მოსკოვი უხეშად უთხრის ძირს მათ დემოკრატიას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას”.

მისი თქმით, მოლდოვა და საქართველო მოწყვლადები არიან, ვინაიდან კრემლის ჰიბრიდული ტაქტიკები, აგრესია და რეგიონზე რუსეთის კონტროლის გაფართოების მცდელობები მათზე გავლენას ახდენს.
2016 წლის შემდეგ, ეს გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტია საქართველოში.

მსგავსი პოსტები

Back to top button