მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი ორგანიზატორებს აქციის გადადებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი 20 ივნისის დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, რომ აქცია გადადონ, რადგან გარკვეული საფრთხეები არსებობს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

“მივმართავ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს, რომ თუ დაფიქრდებიან, შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება. ახლა ჩემი აზრით, არაა დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის და გახლეჩის.

ამავდროულად, ვაფრთხილებ ხელისუფლებას, თუ მაინც ჩატარდა და ჩემი გადასაწყვეტი არაა, მე შემიძლია მხოლოდ თხოვნით მივმართო. თუ მაინც ჩატარდა, ყოველ ექსცესზე ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება, რამეთუ დემონსტრაციის უფლება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მანვე დღეს, 14 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ყველა პოლიტიკურ ჯგუფსა და მოქალაქეებს მოუწოდა შეიკრიბონ ევროპის მოედანზე 16 ივნისს, 19:00 საათზე. მისი თქმით, ამ შეკრებაზე არ უნდა იყოს პოლიტიკური გამოსვლები და ყველა პოლიტიკოსი უნდა მივიდეს უბრალო მოქალაქის სტატუსით.
20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ორგანიზებით აქცია იმართება. აქციის სახელწოდებით “შინ ევროპისკენ” საქართვლოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კენჭისყრამდე ჩაინიშნა.

ამ აქციის საკითხს შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, 13 ივნისს საქართველოს მთვარობის სხდომაზე და ორგანიზატორები გააფრთხილა:

“მთავარი ისაა, რომ ახლა ამ ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ, როცა ვერც ომში ჩააბეს ქვეყანა, ვერც ვერაფერი გააკეთეს, უნდათ, რომ 20 ივნისს გამართონ აქცია, თითქოს ევროკავშირის რაღაც ინტეგრაციის და სტატუსის მინიჭების მოთხოვნით…

მე მინდა ყველა გავაფრთხილო, ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, ჩვენ არცერთ უკანონო ქმედებას არავის არ ვაპატიებთ. ჩვენ, მთავრობა, კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას”.

შეგახსენებთ რომ უკვე მეორე დღეა 20 ივნისს დაგეგმილი აქცია, ორგანიზატორებსა და “ნაცმოძრაობის” აქტივს შორის დაპირისპირების საგანია. ვინ და რა დოზით დაიკავებს ტრიბუნას, წამოაყენებენ თუ არა პოლიტიკურ მოთხოვნებს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად – ეს ის საკითხებია, რომლის გამოც “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა, სოციალურ ქსელში “სირცხვილიას” წევრებს სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენეს და თანხების მითვისებაშიც დაადანაშაულეს.

პარტიული აქტივის გაღიზიანების მიზეზი გასაგებია “სირცხვილიას” წარმომადგენლებისთვის. მიუხედავად ამისა მოძრაობა აქციის სცენარის შეცვლას არ აპირებს. ორგანიზატორები ბრალდებების უკან სპეცსამსახურებს ხედავენ. ამბობენ, რომ სცენა პოლიტიკურ ლიდერებს არ დაეთმობათ, თუმცა აქციაზე ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციას წაიკითხავენ, სადაც მიხეილ სააკაშვილზეცაა საუბარი.

სიტყვით გამოსვლას არ გეგმავენ, თუმცა საკუთარი აქტივის სიმრავლეს ხაზს კიდევ ერთხელ უსვამენ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები. პოლიტიკოსებისთვის ევროინტეგრაციის გზა სწორედ ექს-პრეზიდენტის თავისუფლებაზე გადის.

“სირცხვილიასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის არსებულ დაპირისპირებას მმართველ გუნდშიც გამოეხმაურენ. სახელისუფლებო პარტიისთვის პოლიტიკური ტრიბუნის ირგვლივ დაწყებული აჟიოტაჟი აქციის ორგანიზატორებისა და “ნაცმოძრაობის” რეალურ მისწრაფებებს მიუთითებს. “ოცნებაში” ფიქრობენ, რომ სააკაშვილის მხარდამჭერებს ევროპულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button