მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალი ბიუჯეტი ცხრა დღეში მიიღო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალი ბიუჯეტი ცხრა დღეში მიიღო.

დღეს, ბიუჯეტის პროექტს, საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ, საკუთარი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, ბოლო სხდომაზე დაუჭირა მხარი.

კანონის თანახმად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს, ბიუჯეტის პროექტი 15 ნოემბრამდე წარუდგინა.

პროექტის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და განხილვის შემდეგ,წარმომადგენლობით ორგანოს, ხვალამდე, 25 ნოემბრამდე, ბიუჯეტი მერიისათვის შენიშვნებით უნდა დაებრუნებინა.

საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გასათვალისწინებლად, კი, მერიას, ვადა 10 დეკემბრამდე ჰქონდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილი რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ საკრებულოს წევრებს არცერთი შენიშვნა არ დაუფიქსირებიათ და ახალი მოწვევის საკრებულოსათვის ბიუჯეტის დასამტკიცებლად დატოვებას აზრი არ ჰქონდა.

” ჩვენ იმდენად კარგი ბიუჯეტი გვაქვს, დეპუტატებს არცერთი შენიშვნა არ დაუფიქსირებიათ. თანაც ახალი საკრებულოს შემადგენლობის უდიდესი უმრავლესობა, ისევ იგივე დეპუტატები არიან. ასე, რომ ლოდინი საჭირო აღარ იყო. პროაქტიულადაც გამოვაქვეყნეთ და განვიხილეთ კიდეც. ოპოზიციამ არ მიიღო განხილვაში მონაწილეობა და ეგ უფლება აქვთ“- განაცხადა ბერიძიშვილმა.

საკრებულოს ოპოზიციურმა წევრებმა ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღეს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში თვლიან, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიღება კანონის გვერდის ავლით მოხდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 21 მილიონ 271 300 ლარით განისაზღვრა და მთავარ პრიორიტეტებად ინფრასტრუქტურული და სოციალური მიმართულებები განისაზღვრა.

საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში ადგილობრივი ბიუჯეტების განხილვა, ფრაქციებსა და კომისიებში, უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button