მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ახალი კანონით რუსულ არმიაში ქალების – 60 წლამდე, ხოლო კაცების- 65 წლამდე მიიღებენ

რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, მანამდე სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს მიერ ძალიან დაჩქარებული წესით დამტკიცებულ კანონს, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის საკონტრაქტო სამსახურისთვის შესაბამის ასაკობრივ ზღვარს.

თუკი ადრე პირველი კონტრაქტის გაფორმება რუსეთის მოქალაქეებისთვის – 40 წლამდე, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 30 წლამდე იყო შესაძლებელი, ახალი კანონით, ამის გაკეთება შესაძლებელი ხდება საპენსიო ასაკამდე: ქალებისთვის – 60 წლამდე, ხოლო კაცებისთვის – 65 წლამდე.

ექსპერტებისთვის ნათელია, რომ ცვლილებები პირდაპირ უკავშირდება უკრაინაში მიმდინარე ომში მეტი ადამიანის ჩართვის მიზანს. როგორც საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები, რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტში, აღნიშნავენ – მაღალი სიზუსტის შეიარაღებისა და სხვა საბრძოლო ტექნიკის გამოყენებას ესაჭიროება კარგი გამოცდილების მქონე პროფესიონალები, ხოლო „ამას ისინი 40-45 წლის ასაკში აღწევენ“.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში გასაგზავნი მებრძოლების მობილიზაციას ფარულად ახდენს; ხოლო თავად რუსეთის მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული ენთუზიაზმი არ ვლინდება.

მაისში ბრიტანეთისა და ამერიკის რამდენიმე მედიასაშუალება სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა მობილიზაცია გამოაცხადოს უკრაინაში რუსეთის არმიის წარუმატებლობების ფონზე. კრემლმა ამ გეგმებს „ტყუილი“ და „სისულელე“ უწოდა.

ამასთან რუსეთმა ზებგერითი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა. რუსეთი იუწყება, რომ რაკეტა სახელწოდებით “ცირკონი” 1000 კილომეტრის მანძილიდან გაუშვეს და წარმატებით გამოსცადეს.

მათივე ინფორმაციით, რაკეტა ბარენცის ზღვის წყლებიდან, თეთრ ზღვაში მდებარე სამიზნისკენ გაისროლეს. აღსანიშნავია, რომ ამავე ზღვებთან ახლოს ფინეთი და შვედეთი მდებარეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რაკეტა რუსული “ადმირალ გრიგოროვიჩის” კლასის ხომალდიდან გაისროლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button