ახალი შემთხვევები: 15 ინფიცირებული, 20 გამოჯანმრთელებული
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 385 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი, 20-ით გაიზარდა და ამჟამინდელი მონაცემებით, 1 128 პირია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 903 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 278.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტიდან, 2 ინფიცირებულის წყარო უცნობია.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 81%-ს შეადგენს.
„დაგვემატა 15 ახალი შემთხვევა. დღევანდელი მონაცემით, 1 385 დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში. 15 დადასტურებული შემთხვევიდან, 4 ინფიცირებულის წყარო არის ლენჯერი, 6 პაციენტის წყარო არის კონტაქტები დადასტურებულ შემთხვევებთან, 3 პაციენტი არის იმპორტირებული, 2 შემთხვევაზე ეპიდკვლევა გრძელდება, კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით.
“გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 20-ით, 1 128 გამოჯანმრთელებული გვყავს. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 81% არის. ამ მონაცემების შეჯერებით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში მკურნალობს 240 დადასტურებული შემთხვევა.
“240 დადასტურებული შემთხვევიდან, 6 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, რომლებიც კოვიდცენტრების რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. 23 მძიმე პაციენტია. დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის და საშუალოზე მსუბუქია.” – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, უშუალოდ თბილისის ინფექციურ სავადმყოფოში 32 ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. აქედან 1 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, 2 კი, მძიმე.