მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

ახალი შემთხვევები: 2 ინფიცირებული და 3 გამოჯანმრთელებული

საქართველოში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 928 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 3-ით გაიზარდა და 794 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 2 809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 229 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ კორონავირუსით მსოფლიოში კიდევ ბევრი ადამიანი დაინფიცირდება, თუკი ქვეყნების მთავრობები სწორი პოლიტიკის განხორციელებას არ დაიწყებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, პანდემიის ტემპი მაინც იზრდება. ჩემი მთავარი გზავნილია: ტესტი, კონტაქტების კვლევა, იზოლირება და კარანტინი.” – აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ვირუსთან ბრძოლაში წარმატების მიღწევას „გლობალური სოლიდარობის“ არარსებობა და „გაყოფილი მსოფლიო“ უშლის ხელს.

„გლობალური სოლიდარობის არარსებობა და გაყოფილი მსოფლიო ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ძალიან ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასეთ გარემოსა და პირობებში უარესის შიში გვაქვს.” – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მისივე თქმით, პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია.

„ყველას გვსურს, რომ ეს დასრულდეს, მაგრამ მძიმე რეალობა ისაა, რომ ის დასრულებასთან ახლოსაც კი არ არის.” – აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მან ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა გერმანიის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის მაგალითებს მიჰყვნენ, რომლებმაც ეპიდემიის შეჩერება სრულყოფილი ტესტირებითა და კონტაქტების კვლევით შეძლეს.

ცნობისათვის, worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 10 413 558 ადამიანია დაინფიცირებული. აქედან დაღუპულია 508 250 და გამოჯანმრთელებულია 5 669 594 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button