კრიმინალი

ალექსანდრე კობაიძე რუსთავის მაჟორიტარობას გეგმავს

ალექსანდრე კობაიძე, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში მონაწილე დაკავებული მორაგბეების ადვოკატია, რუსთავში მაჟორიტარად იყრის კენჭს. გადაწყვეტილება პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესახებ, ადვოკატმა საზოგადოებას 25 ივლისს, ფეისბუკის მეშვეობით ამცნო. გთავაზობთ მის განცხადებას (სტილი დაცულია).

“მოკლეთ ვიტყვი: ვაპირებ რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ჩემი თავის წარდგენას. ვიცი ბევრს არ გაგიხარდებათ, მაგრამ ვისაც გაუხარდება ჩემი მაჟორიტარობა იქნება გარანტი, რომ რუსთაველების პრობლემების მოსაგვარებლად შევძრავ მთელ პარლამენტს, სანამ კონკრეტული პრობლემების გადაჭრა არ მოხდება. ჩემი მეშვეობით პარლამენტში იქნება ტრიბუნა, რითაც ყველა რუსთაველს შეეძლება ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ნებისმიერი პრობლემის/იდეის გაჟღერება..” – დაწერა კობაიძემ ფეისბუკის პირად გვერდზე.

https://www.facebook.com/lekso.kobaidze/posts/4061537023921469

ადვოკატი ამბობს, რომ პარტია, რომლის სახელითაც კენჭს იყრის, “ჯერ არ არის დაზუსტებით გარკვეული. თუმცა, პარტია არის საშუალება პოლიტიკაში ყოფნის”. რაც შეეხება პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილებას, ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ რუსთავი სტრატეგიულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევს და ყველა ხელისუფალი, ხალხზე ფიქრის ნაცვლად, რუსთავს, როგორც “ფულის საჭრელ მანქანას”, ისე აღიქვამს.

“არსებობს ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე, რაც ამ დრომდე არ მოგვარებულა. ასევე, სოციალური პრობლემები ძალიან ბევრია, რაც შეიძლება, რომ გადაიჭრას საკანონმდებლო ინიციატივებით.” – უთხრა რადიო თავისუფლებას ალექსანდრე კობაიძემ.

პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შემთხვევაში მას საადვოკატო საქმიანობაზე უარის თქმა მოუწევს. ალექსანდრე კობაიძე, სხვადასხვა დროს, არაერთ გახმაურებულ საქმეში იყო ჩართული. შაქარაშვილის საქმის გარდა, ის იყო სმიტების საქმეში მსჯავრდებულის ადვოკატი. ასევე არის კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის ადვოკატი. ასევე იცავს ყინწვისის მონასტრის სქემ-იღუმენის, დავით აქიაშვილის ინტერესებს, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა- შენახვისთვის დააკავეს.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან რუსთავში ნინო ლაცაბიძე იქნება, რომელიც თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრია.

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ, მისი წარდგენისას აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ მაჟორიტარობის კანდიდატს 4 შვილი ჰყავს.

მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი 30 კანდიდატიდან, ნინო ლაცაბიძე ერთადერთი ქალია.

მსგავსი პოსტები

Back to top button