ალექსანდრე მეტრეველის მორიგი აღიარება
ყველა დროის უძლიერესი ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი კიდევ ერთხელ დააფასეს: ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ITF) მას გოტფრიდ ფონ კრამის ჯილდო გადასცა!
დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება უიმბლდონის ტურნირის მსვლელობისას გაიმართა. ალექსანდრე მეტრეველს პრიზი ITF-ის პრეზიდენტმა ფრანჩესკო რიკი ბიტიმ გადასცა.
ITF-მ მეტრეველი ხსენებული თასით დევისის თასზე წარმატებული თამაშისთვის დააჯილდოვა. 60-70-იანი წლების საბჭოეთის პირველმა ჩოგანმა 1963-1979 წლებში დევისის თასზე 105 შეხვედრა გამართა და 80 მოიგო, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ტურნირის ისტორიაში.
გოტფრიდ ფონ კრამი, ვის სახელსაც ატარებს ქართველი ჩოგბურთელისთვის გადაცემული ჯილდო, თავის მხრივ, გერმანიის ნაკრების რეკორდსმენი გახლდათ დევისის თასზე – 82 მოგება 19 მარცხის წილ (1932-1953).