მნიშვნელოვანიმსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

აფხაზი ექიმები “საზღვრის” გახსნამ შეაშფოთა

რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ, ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდსიტუაციის გაუარესებას ელოდებიან. ეს საკითხი დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროში 2 აგვისტოს გამართულ საგანგებო თათბირზე განიხილეს.

სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, შეხვედრის ინიციატორები ექიმები იყვნენ. დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ალხას კონჯარიას ინფორმაციით, 1 აგვისტოს, რუსეთთან „საზღვრის“ გახსნიდან 24 საათში აფხაზეთში 7 500-მდე ადამიანი ჩავიდა. კონჯარიას განცხადებით, აფხაზეთში ჯერ კიდევ „საზღვრის“ გახსნამდე მოხდა კორონავირუსის აფეთქება. გუდაუთის საავადმყოფო, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ, ივსება და უკვე ამ ეტაპზე ცხადია, რომ ავადმყოფების დიდ ნაკადთან გამკლავება ურთულესი იქნება.

„თუ ჩვენს მოსახლეობას დაემატებიან ჩამოსულები, უბრალოდ, დავიხრჩობით და დახმარებას ვერც ჩვენს მოქალაქეებს გავუწევთ და ვერც ვინმე სხვას.” – თქვა კონჯარიამ. მისი ინფორმაციით, ოპერატიული შტაბი „საზღვრის“ ეტაპობრივად გახნის და მისი გადაკვეთისას ლაბორატორიის ცნობის, ან კოვიდ-პასპორტის წარდგენის საკითხს განიხილავდა. ამიტომ, „საზღვრის“ მომენტალურად გახსნა მოულოდნელი იყო. „საზღვარი უბრალოდ, მთლიანად გაიხსნა და დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩამოვიდეს.” – განაცხადა დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

სააგენტო „აფსნიპრესს“ მოჰყავს საგანგებო თათბირის კიდევ ერთი მონაწილის, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატ ალხას ჯინჯოლიას სიტყვები, რომ რუსეთთან „საზღვარზე“ საჭიროა შემზღუდავი ზომების მიღება.

კორონავირუსის პანდემიის გამო აპრილში დაკეტილი „საზღვარი“ ოკუპირებულმა აფხაზეთმა და რუსეთმა ერთმანეთს 1 აგვისტოდან გაუხსნეს. იმავე დღეს, დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაადასტურა. 2 აგვისტოს დე ფაქტო ტურიზმის სამინისტრომ მხოლოდ ის განაცხადა, რომ აფხაზეთში ჩასულ ტურისტებს თან უნდა ჰქონდეთ ნიღბები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგი და უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია.

დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში სულ 98 შემთხვევა აქვთ გამოვლენილი. COVID-19-ით, გარდაცვლილია 3 ადამიანი.

კორონავირუსი დაუდასტურდა აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვანილ 55 წლის ქალს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტი თბილისში გადაიყვანეს. სხვა დეტალებზე, ჯანდაცვის ცენტრში ჯერჯერობით, არ საუბრობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button