მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

აპრილში ფულადმა გზავნილებმა ბოლო 4 წლის მინიმუმი შეადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულადი გზავნილების აპრილის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, გასულ თვეში ქვეყანაში სულ 79,1 მილიონი დოლარის მოცულობის გზავნილები განხორციელდა, რაც წინა წლის აპრილთან შედარებით, 42%-ით ნაკლებია.

ბოლოს ამგვარი მცირე ოდენობის გზავნილი საქართველოში 2016 წლის იანვარში განხორციელდა. მაშინ გზავნილების ჯამურმა მოცულობამ 66,5 მილიონი დოლარი შეადგინა. რეკორდული კლების მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.

გზავნილების მოცულობა ყველა პარტნიორი ქვეყნიდან შემცირდა. ყველაზე მოცულობითი დანაკლისი რუსეთიდან შეინიშნება, საიდანაც გზავნილები 61%-ით შემცირდა. ამგვარი სტატისტიკის წარმოების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ყველაზე მეტი გზავნილი რუსეთიდან არ შემოვიდა.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანიდან 39,4%-იანი მატება შეინიშნება.

ფულადი გზავნილების ცვლილების სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

იტალია — 13,3 მილიონი დოლარი, კლება — 27,5%;
რუსეთი — 13,1 მილიონი დოლარი, კლება — 61,8%;
საბერძნეთი — 10,1 მილიონი დოლარი, კლება — 37,8%;
აშშ — 9,7 მილიონი დოლარი, კლება — 33,6%;
ისრაელი — 6,8 მილიონი დოლარი, კლება — 48,4%;
თურქეთი — 5,3 მილიონი დოლარი, კლება — 31,3%;
გერმანია — 3,7 მილიონი დოლარი, კლება — 0,7%;
აზერბაიჯანი — 2,4 მილიონი დოლარი, მატება — 39,4%;
უკრაინა — 2 მილიონი დოლარი, კლება — 32%;
ესპანეთი — 1,4 მილიონი დოლარი, კლება — 41,9%.

წინა წლის მონაცემებით, ფულადი გზავნილების წილი საქართველოს მშპ-ში დაახლოებით 9,7%-ს შეადგენდა. თუ ეროვნული ბანკის პროგნოზი გამართლდება და გზავნილების მოცულობა 30%-ით დაიკლებს, ეს ეროვნულ შემოსავალს დაახლოებით, 500 მილიონი დოლარით შეამცირებს.

მხოლოდ ამ კლების შედეგად, ქვეყნის მშპ, დაახლოებით, 2,9%-ს დაკარგავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button