მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პრეზიდენტი უგულავას შეწყალებაზე კითხვას არ პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გიგი უგულავას შეწყალების შესახებ ჟურნალისტების კითხვას არ პასუხობს.

“ტელეკომპანია პირველმა” ვიდეო გაავრცელა, სადაც ჟურნალისტი ზურაბიშვილს ეუბნება, რომ ორი სიტყვით უთხრას, აპირებს თუ არა უგულავას შეწყალებას.

“ორი სიტყვით თუ სამი სიტყვით? გამარჯობათ ჯერ ერთი და ნახვამდის”, – პასუხობს სალომე ზურაბიშვილი.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/869987486802796/

დღეს, 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრისას, “ქართული ოცნების” დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პატიმრები უნდა შეიწყალოს. როგორც მან TV პირველთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, პოლიტიკური პროცესი ჩიხშია მოქცეული და პრეზიდენტმა “ეს ჩიხი უნდა გახსნას”.

“რომც გვყავდეს პოლიტიკური პატიმრები, უმრავლესობა ვერ აღიარებს. ჩვენ გვყავს ზეპარტიული, კონსტიტუციით ყოველ შემთხევაში, ზეპარტიული პრეზიდენტი. ამიტომ პრეზიდენტმა, ჩემი აზრით, უნდა შეიწყალოს ეს ხალხი და გამოუშვას. რატომ? მთავარი ამოცანაა, რომ 2020 წელს ჩვენ მივიღოთ ისეთი არჩევნები, რომ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ დასვას არავინ”. — აღნიშნა ოქრიაშვილმა.

პოლიტპატიმრების გამოშვების საკითხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია.

შეთანხმების შესრულებაში პრეზიდენტის როლზე ოფიციალურ დოკუმენტშიც წერია:

“ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის შეთავაზებას, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში ხელი შეუწყოს თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს”.

ოპოზიცია ამბობს, რომ თუ შეთანხმების ეს ნაწილი არ შესრულდება, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ და პროცესის ნორმალიზება ვერ მოხდება.

ქართული ოცნება საჯაროდ არ აღიარებს შეთანხმების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტპატიმრებს ეხება და მეტიც, ამბობს, რომ საქართველოს საერთოდ არ ჰყავს პოლიტპატიმრები. იმას, რომ ხელისუფლება ცრუობს, ამტკიცებს, მათ შორის, დასავლელი პარტნიორების არაერთი განცხადება. მაგალითად, საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოების მიერ ოქრუაშვილის საქმეზე გაკეთებული განცხადებები.

ასევე ის განცხადებაც, რომლითაც 8 მარტის შეთანხმების კონტექსტში პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში.

“8 მარტის შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.” – წერენ ფასილიტატორი ელჩები საერთო განცხადებაში.

გერმანელი ევროპარლამენტარი, მიხაელ გალერი (CDU/EPP), მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და წერს, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ელიან.

როგორც ევროპარლამენტარი მწვანეთა ალიანსიდან მარკეტა გრეგოროვა ამბობს, ევროპარლამენტარები დასაწყისშივე იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი იყო.

ევროპარლამენტისა და დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაცის ჯგუფის [DEG] წამყვანი წევრის, ვიოლა ფონ კრამონის თქმით, კიდევ ერთხელ გატეხილი პირობა “ქართულ ოცნებას” არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად აქცევს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button