მნიშვნელოვანიმსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

აქციები, საზღვრების გახსნის მოთხოვნით

ბათუმის მერიასთან თურქეთში დასაქმებული ქართველების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები თურქეთთან საზღვრის გახსნას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ხელისუფლებას მოუწოდებენ, დახმარება დაუწესდეთ.

როგორც ისინი ამბობენ, თუ თურქეთთან საზღვარი არ გაიხსნება, სამსახურებში ვერ დაბრუნდებიან და, შესაბამისად, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩებიან. მოქალაქეები მთავრობას სთხოვენ, არა ერთჯერადი – სამასლარიანი, არამედ მრავალჯერადი დახმარება მისცენ.

საზღვრების გახსნა დღეს, 15 ივლისს, თბილისშიც მოითხოვეს. ტურისტული სფეროს წარმომადგენლებმა, საჰაერო სივრცის გახსნისა და 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის მოხსნის მოწოდებით, აქცია მთავრობის კანცელარიასთან გამართეს.

აქციის ერთ-ერთი წევრის თქმით, თუ მთავრობა საზღვრებს არ გახსნის, ტურისტული სფეროს წარმომადგენლების გარდა, კიდევ მრავალი სექტორი დარჩება უმუშევრად.

“გამოვიყენოთ ის დარჩენილი პერიოდი, როცა შეიძლება ტურისტები ჩამოვიდნენ, მე საუბარი მაქვს სექტემბერზე და ოქტომბერზე, რომელზე მოთხოვნებიც, რეალურად, ასე თუ ისე, არის.” – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ცოტნე ჯაფარიძე.

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა. ამის მიუხედავად, მთავრობამ რეგულარული ფრენების აკრძალვა კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივა. შესაბამისად, ღია საზღვრებით სარგებლობა ჯერჯერობით შეუძლებელია, როგორც საქართველოს, ასევე, ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

ოფიციალურად რეგულარული ფრენები პირველი აგვისტოდან უნდა აღდგეს, თუმცა, ფინანსთა მინისტრმა 2 ივლისს თქვა, რომ “საზღვრების გახსნას სიფრთხილით მოვეკიდებით და შევეცდებით, რომ ქვეყნები და მიმოსვლის წესი სწორად შეირჩეს”. მისი აზრით, “შემდეგი 1-2 თვისთვის ეს ადეკვატური მიდგომაა”.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, უსაფრთხო ქვეყნების რეკომენდებული სიიდან სურვილისამებრ ამოიღონ ის ქვეყნები, რომელთანაც საზღვრების გახსნა ამ ეტაპზე არ სურთ. ასე მოიქცნენ ჩეხეთი, დანია, ავსტრია და უნგრეთი. რაც შეეხება იტალიას, იქ შესულ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს სავალდებულო თვითიზოლაცია მოუწევთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button