მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“არ იქნება მართალი, რომ მრევლს ტაძარში მისვლა ავუკრძალოთ”

წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესია, რომლის მოძღვარსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დაიკეტა. ტაძარს და ტაძრის ეზოს ჩაუტარდა სადენზიფექციო სამუშაოები, ეკლესიის მსახური სასულიერო პირები კი, კარანტინში გადავიდნენ.

ამასთან, კორონავირუსით დაინფიცირებული მღვდლის შესახებ გარკვეულ დეტალებს ყვებიან სხვა ტაძრებში მოღვაწე სასულიერო პირები. კერძოდ, მათი ინფორმაციით, მამა გიორგი პაპავას საკუთარ დასა და დისშვილთან, რომლებსაც ასევე კორონავირუსი დაუდგინდათ, კონტაქტი ერთი თვეა არ ჰქონია, შესაბამისად, სასულიერო პირი ეჭვობს, რომ მოძღვრის დაინფიცირების მიზეზი ნათესავებთან კომუნიკაცია ვერ გახდებოდა. შეგახსენებთ, რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესიის მოძღვარი, გიორგი პაპავა, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. მასთან ერთად, ვირუსი დაუდგინდა მის დასა და დისშვილსაც.

სასულიერო პირის დაინფიცირებას მღვდელმთავრებიც გამოეხმაურნენ.

“არ იქნება მართალი, რომ ერთი დაინფიცირებული სასულიერო პირის გამო, მრევლს ტაძარში მისვლა ავუკრძალოთ”, – ამის შესახებ აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი (მახარაძე) აცხადებს. მისივე თქმით, ექიმის რჩევისამებრ, ყველა ადამიანმა სიფრთხილე უნდა დაიცვას, თუმცა ეს „საყოველთაო გაფიცვას არ ნიშნავს“.

„ყველამ უნდა დაიცვას ექიმის რჩევისამებრ ის სიფრთხილე, რაც ვთქვათ, თითოეულ ავადმყოფს ევალება. თუ გაქვს სიცხე, არ უნდა წახვიდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს საყოველთაო გაფიცვას, რომ არ მივიდეთ ტაძარში ან სამსახურში. ამას გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მე არ ვიცი, რა შეზღუდვა შეიძლება მოჰყვეს ამ ერთ ფაქტს. არ იქნება მართალი, რომ ერთი სასულიერო პირის ავადობის გამო, მრევლს ტაძარში მოსვლა ავუკრძალოთ, “, – განაცხადა მეუფე დავითმა

“აუცილებლად ჩატარდება სააღდგომო წირვა”,- ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, როგორ ჩატარდება წირვა, ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას საპატრიარქო გააკეთებს.

“აუცილებლად ჩატარდება სააღდგომო წირვა. როგორ ჩატარდება ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას საპატრიარქო გააკეთებს. რაც შეეხება იმას, გამკაცრდება თუ არა წესები, ჩვენ ისედაც გამკაცრებული გვქონდა,” – განაცხადა მეუფე გერასიმემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button