მსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

აშშ-ის ელჩი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყების წარმომადგენლებმა კელი დეგნანს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მომდინარე ყველა გამოწვევისა და საფრთხის შესახებ. ასევე, აქცენტი გაკეთდა იმ პრობლემებზე, რომელიც ყოველდღიურად ექმნება ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას, უკანონოდ აღმართული მავთულხლართების, ღობეებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გამო.

„პირველად მომეცა შესაძლებლობა, მოვსულიყავი საოკუპაციო ხაზთან და ნამდვილად ვაფასებ შანსს, რომ მენახა საქართველოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი.

“საკუთარი თვალით ვხედავ მანამდე ამ ლამაზ სოფლებში ერთად მცხოვრები ადამიანების დაშორებით გამოწვეულ ტრაგედიას. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია.

“ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და როდესაც ვხედავ, რა შენდება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები, იმ ხელშეკრულებით, რომელიც ხელმოწერილია მის მიერ.

“ვფიქრობ, რომ უკანასკნელ პერიოდში დაფიქსირებული ბორდერიზაციის საკითხები ძალიან შემაშფოთებელია და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე აქ მოვედი, რათა მენახა ჩემი თვალით, რა ხდება. განსაკუთრებით, კოვიდის დროს, როდესაც ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა გადავარჩინოთ სიცოცხლე, დამატებითი საფრთხე ბორდერიზაციის სახით, არაჰუმანურია. როგორც ვიცი, გადასასვლელები დაიკეტა სექტემბერში, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა და მათი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის და სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება რომ ჰქონოდათ. გულდასაწყვეტია ამგვარი სამხედრო-პოლიტიკურ ვითარების ნახვა.

“მე ასევე ძალიან შეშფოთებული ვარ გარკვეული დეზინფორმაციის გამო, რომელსაც ვეცნობი. ჰაკერები და უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთსა და სხვა ადგილებში თავს ესხმიან საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში, იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო იბრძვის. ყველამ იცის ლუგარის ლაბორატორია, რომელსაც ქართველები მართავენ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქართველმა ექსპერტებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს სადიაგნოსტიკო ტესტირების, ასევე მთავრობისა და საზოგადოებისთვის ზუსტი სამედიცინო რეკომენდაციების მიცემის თვალსაზრისით, რათა ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობით შეძლოს ვირუსის შეკავება. ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები უბრალოდ სიცრუე და უპასუხისმგებლობაა და ძალიან ვწუხვარ, როცა ამას ვხედავ“. – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა.

ფოტოები: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვებ-გვერდიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button