მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ის სენატში, სენატორები “ქართველი ხალხის აქტს” წარადგენენ

აშშ-ის სენატში საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ახალ, ორპარტიულ კანონპროექტს წარადგენენ.

“ამერიკის ხმის” ინფორმაციით, სენატორების, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ შედგენილ პაკეტს – “ქართველი ხალხის აქტი” ეწოდება. მათივე ცნობით, კანონპროექტის ინიციირება სენატში ამ კვირაში მოხდება.

კანონპროექტის თანახმად, მოგზაურობის აკრძალვა და სხვა სანქციები დაუწესდებათ იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან „საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ხელის შეშლაში“ და დგანან „კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და “უცხოელი აგენტების შესახებ კანონის” შედგენასა და მისი მიღების ხელშეწყობაში“.

როგორც “ამერიკის ხმა” წერს, მათთის მიწოდებულ განცხადებაში წერია, რომ კანონმდებლობა ორ ნაწილს მოიცავს.

“მათ შორის, პირველი:

• განმარტავს შედეგებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელის შეშლაზე, მათ შორის:

სახელმწიფო დეპარტამენტის დავალდებულებას, ქართველ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესდეს, უცხოური აგენტების კანონის ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში მონაწილეობისთვის.
ახალი სანქციების დაწესებას იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტისა ან ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრაში და
სახელმწიფო დეპარტამენტის დავალდებულებას, არსებული სანქციების ჩარჩო გავრცელდეს ქართველი ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე.
• სთხოვს სახელმწიფო დეპარტამენტს, საქართველოს მიმართ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას, მათ შორის სამხედრო დახმარების გადახედვას და შეერთებული შტატების მთავრობის ყველა დაფინანსების შეჩერებას საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც მატერიალურ დახმარებას მოიცავს.

• აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის სამუდამოდ შეჩერების მოწოდებას”,- ნათქვამია სენატორების მიერ კანონპროექტის სულსიკვეთების განმარტებით წერილში, რომელიც “ამერიკის ხმამ” იხილა.

სენატორების განცხადების მიხედვით, კანონპროექტის მეორე ნაწილი მოიცავს საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის შეფასებას.

“მეორე ნაწილი:

• ხაზს უსვამს აშშ-ს სენატის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით.

• გამოჰყოფს არანაკლებ 50 მილიონ აშშ დოლარს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდასაჭერად.

• ავალდებულებს სახელმწიფო დეპარტამენტს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) განსაზღვროს, თუ როგორ გააგრძელოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, ბოლო მოვლენების გათვალისწინებით.

• მოითხოვს ორი ანგარიშის შედგენას, რათა შეფასდეს (1) უცხოური მავნე გავლენის მასშტაბი საქართველოში და (2) ძალისხმევა ქართველი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად”.

20 მაისს ორ ამერიკულ გამოცემაში – „პოლიტიკოსა“ (Politico) და „ჰილში“ (The Hill) – გამოქვეყნდა ცნობა, რომ შეერთებული შტატების კონგრესს მიმდინარე კვირაში წარედგინება კანონპროექტი – MEGOBARI აქტი.

კანონპროექტის ინგლისური დასახელების აბრევიატურა, რომელიც ემთხვევა ქართულ სიტყვა „მეგობარს“ და შეერთებული შტატების საქართველოსადმი დამოკიდებულების სიმბოლოდაა ჩაფიქრებული, ასე ითარგმნება: „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act)

კანონპროექტი სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა შეიტანა წარმომადგენელთა პალატაში.

ჯო ვილსონის კანონპროექტი ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა კონგრესმენი ადასტურებს, რომ შინაარსი ისეთია, როგორზეც მედია წერს.

კანონპროექტი ერთდროულად ორ სცენარზეა გათვლილი და „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს „თაფლაკვერსა და ჯოხს“ – მოიცავს სამხედრო დახმარებას და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასაც და სანქციებსა და ურთიერთობების ძირფესვიან გადახედვასაც.

შეერთებული შტატების კონგრესში ინიციირებული აქტი – MEGOBARI – „აგენტების კანონის“ საბოლოოდ მიღების შემთხვევაში სანქციებით ემუქრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დემოკრატიის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში კი სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პაკეტს ჰპირდება.

„ქართული ოცნება“ აქტის მიღების პერსპექტივას „ძალზე ბუნდოვანს“ უწოდებს, წინმსწრებად ამბობს უარს „აგენტების კანონის“ გაწვევასა და უკან დახევაზე, შტატებს კი შანტაჟში ადანაშაულებს და ეუბნება: „საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს.“

„აგენტების კანონის” წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკისა და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის ამ კანონზე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მაისს მესამე მოსმენით, 84 ხმით მიიღო „კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”.

მსგავსი პოსტები

Back to top button