მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს რუსულ კანონზე 28 მაისს დაძლევს

ქართული ოცნებიდან ფორმალურად გამიჯნული ხალხის ძალის დეპუტატი სოზარ სუბარი ამბობს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს რუსულ კანონზე 28 მაისს დაძლევს.

მისი თქმით, 27 მაისს იქნება კომიტეტის, 28 მაისს კი პლენარული სხდომა, სადაც “მარტივად იქნება დაძლეული ვეტო”.

“27-ში იქნება კომიტეტი და 28-ში იქნება პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც ვეტო იქნება დაძლეული და ეს მოხდება ძალიან მარტივად. მარტივად და სამართლიანად”, – ამბობს სოზარ სუბარი.

პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო.

სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს პარლამენტს მხოლოდ ერთი შენიშვნით დაუბრუნა – კანონმა ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღე უნდა იმოქმედოს, რის შემდეგაც იგი ძალას დაკარგავს.

მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. აღნიშნული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.

შტატების სახელმწიფო მდივანი გამჭვირვალობის კანონის შესახებ შეკითხვას პასუხობს, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში, ამერიკის საგარეო პოლიტიკის განხილვის დროს დაისვა. საკითხით კონგრესმენი ბილ კიტიგნი დაინტერესდა. რას მოიმოქმედებს შტატები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით – ეს ენტონი ბლინკენს აღარ დაუკონკრეტებია, თუმცა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონი მწვავედ გააკრიტიკა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქართველი ხალხის ინტერესს, პირიქით, გამჭვირვალობა წარმოადგენს, რასაც კანონის მიღება უზრუნველყოფს. შალვა პაპუაშვილის თქმით, უცხოური დაფინანსების გასაჯაროებასთან დაკავშირებით პარტნიორების კრიტიკა დაუსაბუთებელია და ეს ინტერესთა კონფლიქტით იხსნება.

ოპოზიციის შეფასებით, სახელმწიფო მდივნის კრიტიკა გამაფრთხილებელი გზავნილია. ამბობენ, რომ ენტონი ბლინკენმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლება სხვადასხვა სახის სანქციებს უნდა ელოდოს.

ბლინკენის განცხადებას ღია წერილით უპასუხა “ხალხის ძალამ”, რომლის ლიდერმაც სოციალურ ქსელში ვრცელი მიმართვა გამოაქვეყნა. სოზარ სუბარი წერს, რომ გამჭვირვალობის კანონი არის თავდაცვა თავდასხმებისგან. მისივე განცხადებით, შტატების ადმინისტრაციამ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედება გადაწყვიტა, რაც მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას ეწინააღმდეგება.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გამჭვირვალობის კანონის შესახებ სტრატეგიულ პარტნიორებს თავიდანვე სთავაზობდნენ არგუმენტირებულ დისკუსიას, თუმცა, სანაცვლოდ, დაუსაბუთებელი მუქარა მიიღეს. “ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ საქართველო ამერიკისგან, პირიქით, ურთიერთობის გაღრმავებას იმსახურებს.

საპარლამენტო უმრავლესობა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის გაწვევას არ აპირებს. დასავლეთის კრიტიკის ფონზე, მმართველი პარტია ვეტოს დასაძლევად ემზადება.

მსგავსი პოსტები

Back to top button