მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ პირველად დათანხმდა კიევისთვის ძლიერი შეიარაღებით მომარაგებას

CNN თეთრი სახლიდან ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინაში ბაიდენის ადმინისტრაციის გაგზავნილი იარაღისა და თავდაცვითი აღჭურვილობის პაკეტის ნაწილი ჩავიდა.

აღსანიშნავია, რომ აშშ პირველად დათანხმდა კიევისთვის ძლიერი შეიარაღებით მომარაგებას. გაგზავნილი ტვირთი მოიცავს 11 ერთეულ Mi-17 ვერტმფრენს, 18 ერთეულ 155 mm ჰაუბიცის ქვემეხს და დამატებით 300 ე.წ კამიკაძე დრონს.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში ბაიდენმა დაამტკიცა დამატებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღების, ვაზნების და უსაფრთხოების დახმარების პაკეტი უკრაინისთვის.

გარდა ამისა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ უახლოეს დღეებში ჯავშანმანქანებს “მიაწვდის”-იუწყება ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური.

სატელეფონო საუბარში ჯონსონმა ზელენსკი დაარწმუნა, რომ დიდი ბრიტანეთი “გააგრძელებს უკრაინას თავდაცვის საშუალებებით უზრუნველყოფას.”

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე დაარწმუნა უკრაინის პრეზიდენტი, რომ გააგრძელებს თანამშრომლობას პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, რათა “უზრუნველყოს უკრაინის უნარი დაიცვას თავისი სუვერენიტეტი მომავალ კვირებსა და თვეებში.”

დიდი ბრიტანეთი დასავლეთის სახელმწიფოთაგან უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია რუსული აგრესიის ფონზე. გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ოფისმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 ჯავშანმანქანას და ახალ საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მიაწვდის.

“სხვა ქვეყნებმა დიდი ბრიტანეთის მაგალითს უნდა მიბაძონ, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ დროა “რუსეთის ენერგოსექტორზე სრული ემბარგო დაწესდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს უკრაინისთვის იარაღით მომარაგება”.

ბდიტანეთის პრემიერ-მინისტრი 9 აპრილს ჩავიდა უკრაინაში და კიევში ქვეყნის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ამასთან ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის დამატებით 50 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარება „დააკმაყოფილებს ყველაზე მწვავე ჰუმანიტარულ საჭიროებებს“ გადაუდებელი სამედიცინო სერვისებზე წვდომის, უსაფრთხო სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის, თავშესაფრისა და დაცვის, ფულადი დახმარებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ დაცვის უზრუნველყოფით.

ჯამში ევროკავშირმა ომის გამოწვევების საპასუხოდ ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის 143 მილიონი ევრო გამოყო.

„მილიონობით გადაადგილებული ადამიანით, ან ომის ზონაში ჩარჩენილი მოსახლეობით, უკრაინის საჭიროება უკვე მასიურია. ახლა ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსეთის მიერ სასტიკი თავდასხმების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის უკრაინაში, გასნაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილში. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფულადი სახსრები დაეხმარება ადამიანებს ძნელად მისაღწევ რეგიონებში, რომლებსაც არ აქვთ წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე და მათ, ვინც იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი მიეტოვებინა. უკრაინა, ჩვენ თქვენთან ვართ“, – განაცხადა ევროკომისარმა კრიზიმენეჯმენტში იანეზ ლენარჩიჩმა.
შეგასხენებთ რომ რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვებით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზანია უკრაინის „დენაციფიკაცია“, „დემილიტარიზაცია“ და ასევე უკრაინის უარი ნატოში გაწევრიანებაზე. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. მიწასთანაა გასწორებული რამდენიმე ქალაქი კიევის ოლქში.

მსგავსი პოსტები

Back to top button