მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

აშშ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, რომელიც საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის ღრმა სიყვარულზეა დაფუძნებული. აშშ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს ინვესტიციას თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში და მის მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მათ შორის, ავღანეთში ნატო-ს მისიაში. ქართველი ჯარისკაცები მამაცურად მსახურობდნენ და ჩვენ პატივს ვცემთ ქართველებს, რომლებმაც ამდენი მსხვერპლი შესწირეს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად.

“მომავალ წელს, ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას კიდევ უფრო გავამდიდრებთ, რადგან საქართველო ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც აძლიერებს მის დემოკრატიულ პროცესებს და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ მხარდაჭერილ კანონის უზენაესობას.

“ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და COVID-19-ის პანდემიისგან გამოსვლის მცდელობებს. მსგავსი კრიზისი ჩვენ გვახსენებს ამერიკელი და ქართველი ხალხების მეგობრობის ნამდვილ სიღრმესა და ღირებულებას.

“გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“ – წერია პომპეოს წერილში.

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

“გამარჯობა საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თქვენ ეს ყველამ ნამდვილად დაიმსახურეთ და ვიმედოვნებ, რომ ამ დღეს საქართველოს მიღწევებს იზეიმებთ. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ აშშ-სთვის და ჩვენ ძალიან გაგვიხარდება საქართველოში ძლიერი და სტაბილური დემოკრატიის ნახვა. ასე რომ, გააგრძლეთ ის, რასაც აკეთებთ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!” – აღნიშნავს კინზინგერი.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც დიპლომატი საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, საქართველოსა და აშშ-ს მტკიცე მეგობრობა აკავშირებს, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება: თავისუფლებას, დემოკრატიას, ტოლერანტობასა და დაუღალავ შრომას.

“გამარჯობა, მე კელი დეგნანი ვარ. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელით მსურს, გულითადად მოგილოცოთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე. საქართველო და აშშ თავისუფლებისა და თანასწორობის ღრმა სიყვარულს იზიარებს. 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტში ასახულ ამ ორ ფუნდამენტურ ღირებულებას ქართველი ხალხი სათუთად უფრთხილდება. ეს აქტი თანაბრად უზრუნველყოფს პოლიტიკურ უფლებებს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მიუხედავად მათი ეროვნებისა, მრწამსისა, სოციალური სტატუსისა თუ სქესისა. ეს პრინციპები კარგად ნაცნობია ყველა ამერიკელისთვის. ქართველებსა და ამერიკელებსაც უბრძოლიათ და თავი გაუწირავთ თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და თანასწორობისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის კვლავაც ღრმა, მდიდარი და მტკიცე მეგობრობა არსებობს იმიტომ, რომ ის ჩვენს ესოდენ ძვირფას, საერთო ღირებულებებს ეფუძნება-თავისუფლებას, დემოკრატიას, ტოლერანტობასა და დაუღალავ შრომას. როგორც პარტნიორები, თითქმის 30 წელია, ვზეიმობთ საქართველოს წინსვლას მის დემოკრატიულ გზაზე. როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. დიდი მადლობა და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს”. – აცხადებს კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button