მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მიწისძვრით გარდაცვლილთა რაოდენობამ 42 ათასს მიაღწია

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრიდან ათი დღის შემდეგ მაშველებმა დანგრეულ შენობებში კვლავ მიაგნეს არაერთ დაღუპულს. სულ მიწისძვრას 42 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

სააგენტო “ანადოლუს” ცნობით, ქალაქ ანთაქიაში მაშველებმა გამოიხსნეს 26 და 34 წლის კაცები, რომლებმაც ნანგრევებში 261 საათი გაატარეს. ამავე ქალაქში გადაარჩინეს 12 წლის ბიჭიც, რომელიც ნანგრევებში 260 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მიწისძვრიდან თითქმის 260 საათის შემდეგ, ქალაქ ქაჰრამანმარაშში ნანგრევებიდან ამოიყვანეს 29 წლის ქალი, რამდენიმე საათით ადრე კი – 17 წლის გოგო.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სტიქიური უბედურების ზონაში, რომელიც 10 პროვინციას მოიცავს, ადგილობრივ მაშველებთან ერთად, ოპერაციაში მონაწილეობს 7 098 მაშველი მსოფლიოს 74 ქვეყნიდან. მათ შორისაა ასამდე ქართველი, რომლებიც ქალაქ ადიამანში მუშაობენ.

სირიის ლათაქიის პროვინციაში, ხმელთაშუა ზღვის პირეთში, კვლავ მოხდა მიწისძვრა. სულ მცირე, ერთი შენობა დაინგრა, ხალხმა პანიკაში ქუჩებს მიაშურა. სირიაში ბოლო დღეებში ჩავიდა ჰუმანიტარული ტვირთი საუდის არაბეთიდან, ერაყსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

აქტივისტების ცნობით, თურქეთის არმიამ დაბომბა სამიზნეები ჩრდილოეთ სირიაში, რეგიონებში, რომლებიც მიწისძვრამ ძლიერ დააზარალა. ქალაქ ტალ რიფატში ერთი პირი დაიღუპა, იტყობინება დიდი ბრიტანეთიდან ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი. სირიის ჩრდილოეთს კვლავ აკონტროლებენ ქურთთა შეიარაღებული რაზმები და სხვა უცხოური ჯგუფები.

მსგავსი პოსტები

Back to top button