ავსტრალია რუსული ოქროს იმპორტს აკრძალავს
კიევში ვიზიტისას ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, ენტონი ალბანიზი გამოვიდა დაპირებით, რომ მისი ქვეყანა უკრაინას დამატებით 34 ჯავშანმანქანას მიაწვდის რუსეთის ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში და რუსული ოქროს იმპორტს აკრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ალბანიზმა 3 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დახმარება მოიცავს დაჯავშნულ მანქანებს, დრონებს, და მისი ღირებულება იქნება 100 მილიონამდე ავსტრალიური დოლარი (68 მილიონი ამერიკული დოლარი).
მისივე განცხადებით ავსტრალია კიდევ 16 რუს მინისტრსა და ოლიგარქს სანქციებსა და მოგზაურობის აკრძალვას დაუწესებს, რაც ავსტრალიის მიერ სანქცირებული რუსი პირების საერთო რაოდენობას 843-მდე გაზრდის.
“ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ავსტრალიის პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც უკრაინას ეწვია”, – განაცხადა ალბანესმა და დასძინა, რომ მისი მოგზაურობა “მსოფლიოს ნათლად აჩვენებს სოლიდარობას, რომელიც ავსტრალიელ და უკრაინელ ხალხს შორის არსებობს”.
ზელენსკის თქმით, ავსტრალია უკრაინას მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში, და ავსტრალიის მიერ წარმოებული, Bushmaster-ის ტიპის მანქანები ძალიან ღირებულია. ამ მანქანებს ძირითადად სამხედროთა გადასაყვანად იყენებენ.
ეს იყო ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი უკრაინაში.