ავთანდილ ჭრიკიშვილი ტოკიოს გრან-სლემის ჩემპიონი გახდა [Video]

ტოკიოში მიმდინარე გრან სლემზე მამაკაცებს შორის 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილმა უპრესტიჟულესი საერთაშორისო ტურნირი წაუგებლად ჩაატარა და ძიგორო კანოს მემორიალზე საქართველოს ისტორიული ოქროს მედალი მოუპოვა. 73 კილოგრამში კი ნუგზარ ტატალაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა.
ჭრიკიშვილი ტოკიოში მსოფლიო რეიტინგის ლიდერის რანგში ჩავიდა. იაპონურ ტატამზე ყველა მის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის – იაპონელი ტაკენორი ნაგასეს ფინალს ელოდა, მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლამდე მხოლოდ ქართველი მივიდა. ნაგასემ კი უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსი ნახევარფინალში მას შემდეგ დაკარგა, რაც სამხრეთკორეელ სეუნგსუ ლისთან შეხვედრაში ფეხში შესვლის გამო მოხსნეს.
საქართველოს 2013 და 2014 წლების საუკეთესო სპორტსმენმა გრან სლემის საჩემპიონო ბრძოლაში სწორედ ნაგასეს მომგებ კორეელს აჯობა და მეორე საჭიდაო დღე საქართველოს ჰიმნით დასრულდა. ჭრიკიშვილმა ლის უილეთო შეხვედრაში ორი შიდოთი მოუგო და ოქროს მედალთან ერთად 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
ფინალის გზაზე ავთანდილ ჭრიკიშვილმა ოთხი შეხვედრა მოიგო. იაპონელ კეიტა ნაგაშიმას ვაზარით აჯობა, ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტსა და საბერძნეთის ნაკრების წევრ რომან მუსტოპულოსს – სუფთა გდებებით, ხოლო სამხრეთკორეელ კი-ჩუნ ვანგს – იუკოთი.