ავთანდილ ხურციძემ დომინიკელი ბეტანკური დაანოკაუტა
ქართველმა პროფესიონალმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულსაც ფლობდა და WBA-ს ქამრის პრეტენდენტიც იყო, ამერიკის რინგზე მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა.
კრივის ეროვნული ფედერაციის ცნობით, ქართველმა დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი მელვინ ბეტანკური პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.
ხურციძემ პირველივე წუთებიდან აქტიურად შეუტია მეტოქეს, ბეტანკური თავიდან ცდილობდა მეტოქისთვის პასუხი გაეცა, მაგრამ ქართველის მასირებულ იერიშებს 3 წუთიც ვერ გაუძლო.
ამრიგად, ხურციძე, რომელიც აქტიურ სპორტს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 2014-წელს დაუბრუნდა, მეოთხე ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა.
მთლიანობაში კი ავთანდილ ხურციძეს, პროფესიონალურ რინგზე გამართული 35 ბრძოლიდან, 31 თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული, აქედან 20 ნოკაუტით, დანარჩენი ოთხი შეხვედრა ქართველმა სპორტსმენმა 2 ფრედ დაასრულა, ხოლო ორში დამარცხდა.