“რუსთავი 2” განჩინების გასაჩივრებას ვერ ახერხებს

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ცნობით, ამ დრომდე ყადაღის დადების შესახებ საქმის მასალები და განჩინება მათ არ ჩაბარებია. ამის გამო სარჩელის უზრუნველყოფის ზომის გასაჩივრებას ტელეკომპანია ჯერ ვერ ახერხებს.
კომპანია სასამართლოს საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნით მიმართავს, თუმცა – არასამუშაო დღის გამო შესაბამისი წერილი დღეს ვერ ჩაიბარა და “რუსთავი 2” მოთხოვნას ორშაბათს დააყენებს.
„ჩვენ ჩაგვბარდა განჩინება, რომელშიც გაურკვევლად ეწერა მოსამართლეს ძალიან ბევრი დეტალი. განჩინებაში არ იყო ნათლად მოსარჩელემ რა მიმართა, რა იყო დავის საგანი, კონკრეტულად რა მასალები იყო წარდგენილი სასამართლოსთვის და რის საფუძველზე გამოიტანა მოსამართლემ ეს დასკვნა. შესაბამისად, იმისათვის რომ გავასაჩივროთ მოსამართლის გადაწყვეტილება, გვჭირდება ვიცოდეთ ეს დეტალები“, – აცხადებს “რუსთავი 2”-ის იურისტი თამთა მურადაშვილი.
“რუსთავი 2”-ის ქონების დაყადაღებასა და მიმდინარე პროცესებზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველ კომენტარი გააკეთა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ როგორც არატოტალიტარული პოლიტიკოსი, ის თავისუფალი მედიის დამცველია.
„მე, ისევე, როგორც ნებისმიერი არატოტალურად მოაზროვნე პოლიტიკოსი, ვდგავართ თავისუფალი მედიის სადარაჯოზე. საქართველომ და ქართულმა საზოგადოებამ განვლო გრძელი გზა თავისუფალი მედიის განმტკიცების, დაცვის, დასტაბილურების. ეს გზა შეუქცევადია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ბიზნესმენმა და “რუსთავი 2”-ის ყოფილმა დამფუძნებელმა ქიბარ ხალვაშმა 4 აგვისტოს„რუსთავი 2“-ის მეპატრონეების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა “რუსთავი 2”-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება.
საქალაქო სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით “რუსთავი 2”-ის ქონება სრულად დაყადა.ყადაღა დაედო შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელთა წილებს. არხის მეწილეებს აეკრძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა.
დაყადაღებულია “რუსთავი 2”-ის სახელზე გაფორმებულ ქონებაც, კერძოდ, ნაკვეთი სანდრო ეულის ქუჩაზე და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები.
“რუსთავი 2”-ს საბოლოო დავის დასრულებამდე ეკრძალება მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების გასხვისება და გაქირავება. ამ ქონების ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა.
სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო. თუმცა – არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა “რუსთავი 2”-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი.
ამ დროისთვის არხის მფლობელები არიან: ლევან ყარამანიშვილი – 23 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი 18 პროცენტი, ტელეკომპანია საქართველო – 51 პროცენტი და ნინო ნიჟარაძე – 9 პროცენტი.
საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელეკმპანია “რუსთავი 2” დამოუკიდებელი მედიის ხელყოფის მცდელობად აფასებს მის მიმართ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაშის მცდელობაში, დაიბრუნოს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2-ის“ წილი, საქართველოს მთავრობა არ ერევა.
განჩინების გასაჩივრება სამაუწყებლო კომპანიას მისი მიღებიდან 5 დღის განმავლობაში შეეძლება.