ქვაცაბაიამ, გორგოძემ და მეტრეველმა ჩიმკენტში პრიზები არავის დაანებეს

გასულ კვირას, ყაზახური ჩიმკენტი ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ტურნირებს მასპინძლობდა, რომლებშიც წარმატებით ითამაშეს საქართველოს წარმომადგენლებმა.

მანდილოსანთა 10.000-იან შეჯიბრებაში ძალებს ცდიდნენ სოფიო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე. ერთეულთა თანრიგში განსაკუთრებით მეორე ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ იყოჩაღა – ზედიზედ დაამარცხა კამილა ბოლატოვა (ყაზახეთი, 6:3, 6:0), ალინა ზოლოტარიოვა (რუსეთი, 6:2, 6:1), ჟიბეკ კულამბაევა (ყაზახეთი, 7:5, 7:5), კამილა კერიმბაიევა (ყაზახეთი, 7:6, 7:5), მარია სტეური (გერმანია, 6:4, 5:7, 6:1) და მთავარი პრიზი მოიპოვა.

გორგოძემ ნახევარფინალს უწია მას შემდეგ, რაც დანელ აშიროვა (ყაზახეთი, 6:0, 6:1), პოლინა მერენკოვა (უზბეკეთი, 6:4, 6:3) და ტამარა ბიჟუკოვა (რუსეთი, 6:0, 4:6, 6:3) ჩამოიშორა გზიდან, იქ კი მარია სტეურს დანებდა – 3:6, 5:7.

წყვილებში შესანიშნავად ითამაშეს გორგოძემ და ქვაცაბაიამ: სტარტზე რუსებს – ანა იაკოვლევას და ქსენია შარიფოვას აჯობეს – 6:3, 6:0, შემდეგ მათ გზას გაუყენეს აშმიტა იაშვარამურთი (ინდოეთი), ადრიანა სოსნოვში (მოლდოვა, 6:3, 6:4), ვიქტორია კლიმუშკინა, ალინა ზოლოტარიოვა (ორივე-რუსეთი, 6:1, 6:3), ალბინა ხაბიბულინა, პოლინა მერენკოვა (ორივე-უზბეკეთი, 7:5, 3:6, 10:6) და პირველი ადგილი დაიკავეს.

ვაჟთა ტურნირის საპრიზო ფონდი იყო 15.000 დოლარი. აქაც ქართველი ჩოგბურთელი – ალექსანდრე მეტრეველი იყო მეორე ნომრად განთესილი, რომელმაც წაუფორხილებლად განვლო მთელი გზა: ჯერ მასპინძელი არშან არაშოვი (6:3, 6:0), შემდეგ – ტიმურ კიუამოვი (რუსეთი, 6:1, 6:0), სანჯარ ფაიზიევი (უზბეკეთი, 7:6, 6:3), ალექსანდრ ლაზოვი (ბულგარეთი, 6:0, 6:0), ივან გახოვი (რუსეთი, 6:1, 6:2) დაჯაბნა და პირველ ადგილზე გავიდა.

საგულისხმოა, რომ მეტრეველი წყვილებში სწორედ გახოვთან იყო შეამხანაგებული. ქართულ-რუსულმა დუეტმაც მთავარი პრიზი არავის დაუთმო: პირველ წრეში რუსებს – ტიმურ კიუამოვსა და ტიმურ რაზმაიტოვს მოუგო – 5:7, 6:3, 10:7, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში იოლად დაძლია საგადათ აიარ (ყაზახეთი)-პაველ ცოის (უზბეკეთი, 6:1, 6:0), პაველ ფილინ-იაროსლაუ შილას (ორივე-ბელორუსი, 6:3, 6:4) წინააღმდეგობა, გადამწყვეტ პაექრობაში კი მარკოს კალოველონისი (რუსეთი)-ალექსანდრ ლაზოვის (ბულგარეთი) ტანდემი დაამარცხა – 7:6, 6:3.

მოკრძალებულ შედეგს დასჯერდა გიორგი ცივაძე: სტარტზე მან უზბეკი ოდილ აკრამოვი ჩამოიშორა გზიდან – 6:4, 6:4, მაგრამ მეორე წრეში თავადაც წააგო რუს ივან გახოვთან.

ცივაძემ წყვილებშიც ერთი ბარიერი გადალახა და შემდეგ ასპარეზობას ჩამოშორდა.

ქართველი ჩოგბურთელები ისევ ჩიმკენტში რჩებიან და ამ კვირას ახალ, 10 და 15-ათასიან ტურნირებში ჩაებმებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button